Black Sea Arena-ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გაიმართება

შეკვეთილში, Black Sea Arena -ზე მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია გაიმართება , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონცერტო დარბაზის სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. მისი თქმით, ისეთი წარმოდგენები მოეწყობა, რომელიც თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ემოციით დამუხტავს.

”ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად, ფონდი ”ქართუ” ქართველ ხალხს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს - მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე. ამ დარბაზში გაიმართება ისეთი წარმოდგენები, რომლებიც თითოეულ სტუმარს განსაკუთრებული ემოციით დამუხტავს, განსაკუთრებით უცხოელ მაყურებელს დაუტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას საქართველოზე და იქცევა ჩვენი ზღვისპირეთის სავიზიტო ბარათად”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ფონდ ”ქართუს” და ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.