საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გემებზე პერსონალად დასაქმების მსურველებისთვის მოკლე აღწერილობას აქვეყნებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სამგზავრო/საკრუიზო გემებზე პერსონალად დასაქმების მსურველებისთვის მოკლე აღწერილობას აქვეყნებს.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, მოქალაქემ, რომელსაც სურს დასაქმდეს გემზე პერსონალად (მაგ. ბარმენი, კრუპიე, დამლაგებელი, უსაფრთხოების ოფიცერი და ა.შ.) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გაიაროს შემდეგი სასწავლო/საწვრთნელი კურსები - გემის პერსონალის კურსი და პირადი გადარჩენის მეთოდები, უშიშროებასთან დაკავშირებული უნარების ინსტრუქტაჟი (Basic Safety training; Security Awareness training).

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული კურსების გავლის და შესაბამისი სერტიფიკატების მიღების შემდეგ, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სააგენტოს მიმართონ მეზღვაურის წიგნაკის (Seaman’s Book) მისაღებად.

სააგენტოში განმარტავენ, რომ თავდაპირველად პიროვნებამ უნდა გაიაროს გემის პერსონალის კურსი, რომელიც დღეისთვის აღიარებული აქვს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს და ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“.

პერსონალის კურსის ხანგრძლივობა და საფასურია - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (14 დღე, 450 ლარი); ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ”ანრი” (12 დღე, 400 ლარი). (იხილეთ ლინკი: http://mta.gov.ge/geo/Recognition/training-center).

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პერსონალის კურსის გავლის შემდეგ, სააგენტო პიროვნებას ანიჭებს მეზღვაურის ნომერს.

მეზღვაურის ნომრის მინიჭებისთანავე პიროვნებას შეუძლია გაიაროს საზღვაო-საწვრთნელი კურსები: პირადი გადარჩენის მეთოდები, უშიშროებასთან დაკავშირებული უნარების ინსტრუქტაჟი (Basic Safety training; Security Awareness training) და სააგენტოში მიიღოს აღნიშნული კურსების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

სასწავლო-საწვრთნელი ცენტრების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე - http://mta.gov.ge/geo/Recognition/training-center.

სერტიფიკატების ერთი ჩანაწერის (ერთი პუნქტი) ღირებულება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შეადგენს: (სულ არის 5 პუნქტი) - მე-7 სამუშაო დღეს -7 ლარი, მე-3 სამუშაო დღეს - 10 ლარი, 24 საათის გასვლისთანავე- 12 ლარი, იმავე დღეს - 15 ლარი.

აღნიშნული კურსების გავლის შემდეგ პირს შეუძლია მიიღოს მეზღვაურის წიგნაკი (Seaman’s Book); წიგნაკის მისაღებად ასევე საჭიროა, ხელშეკრულების ასლი ან გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მოთხოვნის წერილი, თუ მაძიებელი გემზე მიდის პერსონალის წევრად.

მეზღვაურის წიგნაკის გაცემაზე მოქმედებს შემდეგი სახის ტარიფები: მე-10 სამუშაო დღეს - 47 ლარი; მე-5 სამუშაო დღეს - 80 ლარი; მე-3 სამუშაო დღეს - 95 ლარი; 24 საათის გასვლისთანავე - 140 ლარი და იმავე დღეს - 165 ლარი

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ასევე, აუცილებელია მეზღვაურთა სამედიცინო დათვალიერების გავლა და ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა. (სააგენტოს მიერ აღიარებული მედცენტრები, იხ.ბმული http://mta.gov.ge/geo/Recognition/medical-centers.