სარკინიგზო კორიდორი ჩრდილოეთი-სამხრეთი უახლოეს მომავალში ამოქმედდება

„რუსეთის რკინიგზამ“, ირანმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს ურთიერთთანამშრომლობის პროექტზე „კორიდორი ჩრდილოეთი-სამხრეთი“.

ამის შესახებ „რუსეთის რკინიგზის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ მარიშკინმა განაცხადა.

„ახალ ჟღერადობას იძენს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ტრანზიტული პროექტი - „კორიდორი ჩრდილოეთი-სამხრეთი“, რომელიც ოთხი მონაწილისგან არის ფორმირებული - ინდოეთი, ირანი, აზერბაიჯანი და რუსეთი. რამდენიმე დღის წინ ირანთან და აზერბაიჯანთან მოვაწერეთ ხელი პროტოკოლს თანამშრომლობაზე. 7 აგვსიტოს მუმბაიდან დაიძვრება სადემონსტრაციო მატარებელი, რომელიც მოსკოვში ჩამოიტანს ტვირთს შეთანხმებული სატარიფო განაკვეთის მიხედვით“, - განცხადა მარიშკინმა.

სატრანსპორტო კორიდორი „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ ჩრდილოეთ ევროპას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას დააკავშირებს. კორიდორი ერთმანეთთან შეკრავს ირანის, აზერბაიჯანისა და რუსეთის რკინიგზებს. პირველ ეტაპზე ამ მარშრუტით ყოველწლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთის, ხოლო სამომავლოდ 10 მილიონზე მეტის გადაზიდვა იგეგმება.

კოკა კვირკველია