პორტუგალიის ნაკრებმა ჩემპიონატზე 25,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა

საფრანგეთში გუშინ დასრულებულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე გამარჯვებულმა პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა 25,5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

აქედან უპირობო შემოსავალმა 8 მილიონი ევრო შეადგინა (ეს თანხა მიიღო ჩემპიონატის მონაწილე ყველა ნაკრებმა).

ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული სამი ფრეს სანაცვლოდ, პორტუგალიის ნაკრებმა  თითოეულ მატჩში 500 ათასი ევრო მიიღო. მერვედფინალში გასვლით ნაკრებმა 1,5 მილიონი ევრო, მეოთხედფინალში გასვლით 2,5 მილიონი ევრო, ნახევარფინალში - 4 მილიონი ევრო, ფინალში 5 მილიონი ევრო, ხოლო გამარჯვებით დამატებით 3 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ევროპის თასის ფინალში პორტუგალიამ მასპინძელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 1-0 დაამარცხა და პრესტიჟულ ჯილდოს პირველად დაეუფლა.

კოკა კვირკველია