დავით სერგეენკო „ნაცმოძრაობას“ - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არც შარშან და არ წელს შეფერხება არ ჰქონია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით, ”ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს პასუხობს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის კომენტირებისას განუცხადა, ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება მიზანმიმართულად ხდება.

მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას არც შარშან, არც წელს შეფერხება არ ჰქონია.

”შარშან მთელი წელი ვისმენდით ასეთ განცხადებას რიგი ადამიანების, მათ შორის, ჩემი ყოფილი კოლეგების შესაშური მოტივაციით, ისინი პეისმეკერის სიჯიუტით და სიხშირით აჟღერებენ ამას. შარშანდელმა წელმა გაიარა, ვნახეთ, რომ არც ერთი დღე არ გვქონია შეფერხება. იგივე იქნება წელსაც. რაც შეეხება კლინიკების დავალიანებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არამც თუ არ ყოფილა ასეთი დავალიანებები, არამედ, შარშანწინ, რიგი სადაზღვევო კომპანიების გარკვეული მენეჯმენტიც კი, სახელმწიფომ თავის თავზე აიღო, რადგან ჩვენი მოვალეობაა სამედიცინო მოვლის, სამედიცინო დახმარების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფა. ჯანდაცვის პროგრამას არც შარშან, არც წელს შეფერხება არ ჰქონია. მოსახლეობას ვარწმუნებ, რომ ეს ასეც გაგრძელდება”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საავადმყოფოების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება სულ უფრო სწრაფი ტემპით იმატებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა და საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, 2015 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დაახლოებით, 65 მლნ ლარის დავალიანება გადმოჰყვა, რომლის ნაწილი დღემდე არაა გადახდილი. პირიქით, სამინისტროს საავადმყოფოების მიმართ დავალიანება სულ უფრო სწარფი ტემპით იმატებს.

”ისევე, როგორც 2014 და 2015 წლებში, წელსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი დეფიციტურია და წლის ბოლომდე მას მინიმუმ 75-80 მლნ ლარის დამატება დასჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც კი საავადმყოფოების მიმართ სრულად დაიფარება. პროგრამის დეფიციტის ზომა და ბოლო თვეების განმავლობაში დავით სერგეენკოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მიუთითებს, რომ ჯანდაცვის მინისტრი უწყების საქმიანობას 9-თვიანი პერსპექტივით უყურებს. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ წააგებს 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ან თუ ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება, გეგმა უნდა ჰქონდეს საიმისოდ, როგორ არ გადაუხადოს დავალიანება საავადმყოფოებს”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ დავით სერგეენკოს მიერ წელს გაცემული 01-9/5 ბრძანება სამედიცინო დაწესებულებების კლასიფიკაციის განსაზღვრის თაობაზე ამ მიდგომის ნათელი მაგალითია.

მისივე თქმით, საავადმყოფოების დირექტორები შიშობენ, რომ ეს კეთდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ზოგიერთი საავადმყოფოს გამოსარიცხად და მხოლოდ იმ საავადმყოფოების დასატოვებლად, რომლებსაც ფასებზე სამინისტრო წინსაწარ შეუთანხმდება.

”ამ ბრძანებით სამედიცინო დაწესებულებებს უჩნდებათ ბარიერები იმ სამედიცინო მომსახურებების მიწოდებისთვის, რომლებსაც ისინი ქვეყანაში მოქმედი სანებართვო თუ სალიცენზიო მოთხოვნების შესაბამისად აწარმოებენ. საავადმყოფოთა მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში, შეეზღუდებათ მთელი რიგი მომსახურების მიწოდების უფლება. პაციენტის ტრანსპორტირება დიდი ქალაქებში კი დამატებითი ხარჯია პაციენტის ოჯახისთვის. წლების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო გვპირდება, რომ მნიშნელოვან ნაბიჯებს გადადგამს მკურნალობის, ასევე, სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესების კუთხით და შეამცირებს ფასებს წამლებსა და მკურნალობაზე. სანაცვლოდ, კი სამინისტრო ღებულობს ახალ რეგულაციებს, რომლებიც ხელს უშლის ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. ეს მიდგომა ბევრ მაღალი დონის საავადმყოფოს უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდებს, რაც, თავის მხრივ, მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიდგომა კი ისაა, რომ ჯანდაცვის სისტემაში იყოს კვალიფიციური, კარგად ანაზღაურებადი საავადმყოფოები, ამბულატორიები, დიაგნოსტიკური ცენტრები, ”რომლებიც არა მხოლოდ მთავრობისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ თანხების ანაზღაურებაზე იქნებიან დამოკიდებულნი, არამედ თავისუფალი კონკურენციის პირობებში საშუალება ექნებათ, პაციენტების ხარისხიან მკურნალობაზე იზრუნონ”.