“საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - პარლამენტის რამდენიმე წევრს კომერციული იურიდიული პირის მფლობელობა და მართვაში მონაწილეობა დეკლარირებული არ აქვს

პარლამენტის რამდენიმე წევრს კომერციული იურიდიული პირის მფლობელობა (კუთვნილი წილი) და მის მართვაში მონაწილეობა დეკლარირებული არ აქვს , - ამის შესახებ ინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია ასახული, რომელიც პარლამენტის 2015 წლის საქმიანობას ეხება და მათ შორის ინფორმაციას პარლამენტის წევრების არადეკლარირებულ სამეწარმეო საქმიანობაზეც მოიცავს.

ორგანიზაციამ ერთმანეთს შეადარა პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული სამეწარმეო რეესტრის მონაცემები პარლამენტარების და მათი ოჯახის წევრების სხვადასხვა კომპანიებში მონაწილეობის შესახებ. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პარლამენტის რამდენიმე წევრს კომერციული იურიდიული პირის მფლობელობა და მის მართვაში მონაწილეობა დეკლარირებული არ აქვს.

დეპუტატების არადეკლარირებულ სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ასეთია:

გიორგი ჟვანია (“ქართული ოცნება“) - 2014 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჟვანია სამი კომპანიის თანამფლობელია: შპს BOSSNER, შპს “ბი-ემ-სი” და Tibaneli Gbmh, რომლებიც გერმანიაშია რეგისტრირებული და აწარმოებს ღვინოს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ სამეწარმეო რეესტრის ინფორმაციის მიხედვით, გიორგი ჟვანია კიდევ ერთი კომპანიის, შპს “აპოლოს“ მეწილეა, თუმცა ამ კომპანიის მონაცემები სამეწარმეო რეესტრში 1998 წლის შემდეგ არ განახლებულა, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ კომპანია აღარ ფუნქციონირებს.

თამაზ შიოშვილი (“თავისუფალი დემოკრატები“) შპს “სფენიშ ქლეისა“ (35%) და შპს “მემორექსის“ (30%) მეწილეა. ეს ფაქტი 2012 წლიდან არც ერთ ქონებრივ დეკლარაციაში არ არის მითითებული. მასვე ეკუთვნის შპს “ლოჯიქსი“, თუმცა ამ კომპანიის მონაცემები სამეწარმეო რეესტრში რამდენიმე წლის მანძილზე არ განახლებულა, რაც შესაძლოა ნიშნავდეს, რომ კომპანია აღარ ფუნქციონირებს.

იაშა შერვაშიძე (ფრაქცია “დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის“) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, იაშა შერვაშიძე სამი კომპანიის მეწილეა: შპს “გუმ-ბაპა“ (51%) შპს “სტარ არ ჯი“ (5%) და შპს “გუმბაპა“ (2007 წლის შემდეგ სამეწარმეო რეესტრში კომპანიის შესახებ მონაცემები არ განახლებულა). პარლამენტის წევრის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში არცერთი ეს კომპანია მითითებული არ არის.

გოგი ლიპარტელიანი (ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია “დამოუკიდებელი მაჟორიტარები ძლიერი რეგიონებისთვის“) - სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, გოგი ლიპარტელიანი შპს “ტირფონ-ჰესის“ მეწილეა, რაც პარლამენტის წევრის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა სამეწარმეო რეესტრის მონაცემები ამ ორი კომპანიის შესახებ რამდენიმე წელია არ განახლებულა. გოგი ლიპარტელიანს ასევე არ აქვს დეკლარირებული თავისი მეუღლის, ნაზი ლიპარტელიანის მონაწილეობა 15-ზე მეტ სხვადასხვა კომპანიაში.

ზაზა კედელაშვილი (დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ზაზა კედელაშვილი შპს “ჩემპიონის“ 25%-ის მფლობელია, რის შესახებაც მის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის.

პაატა ლეჟავა (ვანის მაჟორიტარი დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) ორი კომპანიის: შპს “ფუნთუშას“ და შპს “ლგ და კომპანია ფიროსმანის“ მეწილედ ფიქსირდება, თუმცა არც ერთი ამ კომპანიის შესახებ სამეწარმეო რეესტრში 1990-იანი წლების შემდეგ მონაცემები არ განახლებულა. ამავე დროს ის შპს “ფუნთუშას“ დირექტორია. პაატა ლეჟავას მეუღლე ნინო ლასხიშვილი შპს “ფეშენ სტაილის“ 80%-ს ფლობს, რაც პარლამეტის წევრის 2015 წლის დეკლარაციაში აღნიშნული არ არის. ამ კომპანიის შესახებ მონაცემები ასევე რამდენიმე წელია არ განახლებულა.

გია ჟორჟოლიანი (“ქართული ოცნება“) - გია ჟორჟოლიანის მეუღლე თინათინ ზალდასტანიშვილი შპს “LT GLOBAL SERVICES LLC - საქართველოს ფილიალის“ დირექტორია, რაც პარლამენტის წევრის 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის, თუმცა სხვა კომპანიებთან კავშირები დეკლარაციაში ასახულია.

ვიქტორ ჯაფარიძე (მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, “ქართული ოცნება“) - პარლამენტის წევრის 2014 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი ერთი კომპანიის – შპს “ქცია 94-ის“ მეწილეა, თუმცა სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, ნათია ხვისტანი წილებს ორ სხვა კომპანიაშიც ფლობს. ეს კომპანიებია შპს “სეტი” (50%) და შპს “ტირ პარკ მარნეული“ (17%). ვიქტორ ჯაფარიძეს 2014 წლის შემდეგ ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია.

ზაქარია ქუცნაშვილი (თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, “ქართული ოცნება“) - დეპუტატის მამა ომარ ქუცნაშვილი რამდენიმე კომპანიის მეწილეა, რაც პარლამენტის წევრის 2016 წლის დეკლარაციაშია მითითებული, თუმცა დეკლარაციაში მითითებული არ არის ომარ ქუცნაშვილის კავშირი შპს “სუპერ ტორფთან“ და შპს “ქმბ-სთან“. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, იგი შპს “სუპერ ტორფის“ 10%-ს და შპს “ქმბ-ს“ 20%-ს ფლობს. იგი ასევე ფიქსირდება შპს “ქართულ-აზერბაიჯანული ერთობლივი საპროექტო-სამშენებლო კომპანიის – “თბილბაქოს“ დირექტორად.

კობა ნაყოფია (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - პარლამენტის წევრის კობა ნაყოფიას 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ არის, რომ მისი შვილი ნიკოლოზ ნაყოფია შპს “ინოვეიშენ გრუპ ჯორჯიას“ მეწილეა. ამასთან, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნიკოლოზ ნაყოფია შპს “გოლდინვესტის“ მეწილეა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით კი, ამ კომპანიის მეწილე თავად კობა ნაყოფიაა.

პაატა კიკნაველიძე ( “ქართული ოცნება – მრეწველები“) - სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით, პაატა კიკნაველიძის ძმა, ანდრო კიკნაველიძე შპს “იბერია 47-ის“ მეწილეა, რაც პარლამენტის წევრის 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნული არ არის. თავად პაატა კიკნაველიძე შპს “მადლის“ მეწილედ ფიქსირდება, რაც მის 2015 წლის დეკლარაციაში მითითებული არ არის. ამ კომპანიის შესახებ სამეწარმეო რეესტრში ინფორმაცია 2003 წლის შემდეგ არ განახლებულა, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ კომპანია აღარ ფუნქციონირებს.

ლევან თარხნიშვილი (“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) - ლევან თარხნიშვილს 2015 წლის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მისი მეუღლე ანა თარხნიშვილი ორი კომპანიის: – შპს “ბი-სი-ჯი კვლევის“ და შპს “გურის“ მეწილეა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით ანა თარხნიშვილი კიდევ ერთი კომპანიის - “ბი-სი-ჯი მონიტორინგის“ მეწილე და დირექტორია.

“არადეკლარირებულ კომპანიებს შორის გვხვდება ისეთი კომპანიებიც, რომელთა შესახებ მონაცემები სამეწარმეო რეესტრში რამდენიმე წლის მანძილზე არ განახლებულა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ ისინი აღარ ფუნქციონირებს, თუმცა რადგან ასეთი კომპანიები ოფიციალურად არსებობს, ეს არ ათავისუფლებს პარლამენტის წევრს ვალდებულებისგან, რომ შეიტანოს ქონებრივ დეკლარაციაში აღნიშნულ კომპანიებში წილების ფლობა ან გავიდეს კომპანიების მმართველობიდან“, - ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში.