რჩეულიშვილების ადვოკატი - პროკურატურას ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს

”ცენტრ პოინტის” საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ამის შესახებ ”პალიტრანიუსს” რჩეულიშვილების ოჯახის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, პროკურატურას ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს, თუმცა, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის (48 საათის) გათვალისწინებით, ეს დღეს უნდა გააკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საგამოძიებო უწყებას საქმეზე დაკავებული ორი პირის გათავისუფლება მოუწევს.

გამოძიება მაია და გუკა რჩეულიშვილებს, ასევე ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორ ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს, რომლებიც ორი დღის წინ დააკავეს, მენაშენეთა თანხების მითვისებაში ედავება. საუბარია ბათუმში არსებული ”თეთრი მაგნოლიას” პროექტზე. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა 20-მდე მილიონი ლარი მიითვისეს.

გუკა რჩეულიშვილზე საგამოძიებო უწყება ძებნის გამოცხადებას გეგმავს, ვინაიდან მასზე დაკავების ორდერია გაცემული, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ის პროკურატურაში არც დაკითხვაზე გამოცხადდა. მაია რჩეულიშვილის მიმართ კი, სისხლის სამართლებრივი დევნა დაკავების გარეშეა დაწყებული.