2-სართულიანი მატარებლები მგზავრებს სავარაუდოდ, ივლისის ბოლოდან მოემსახურება

,,საქართველოს რკინიგზის” მიერ შეძენილმა ორსართულიანმა მატარებელმა თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალი წარმატებით გაიარა.

როგორც ,,საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, სატესტო მგზავრობამ შეფერხების გარეშე ჩაიარა.

,,სატესტო გარბენები გრძელდება და კიდევ არის დაგეგმილი. ეს გარბენები რეგლამენტით არის განსაზღვრული. ვიდრე მგზავრებს მოემსახურება, მატარებელმა 5 000 კილომეტრი უნდა გაიაროს“, - აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.

მისივე ინფორმაციით, ,,საქართველოს რკინიგზა” ცდილობს, რომ სატესტო რეჟიმი მინიმალურ დროში დასრულდეს. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ივლისის ბოლოდან მგზავრებს ახალი მატარებლები მოემსახურება.

ქრისტინე გამთენაძე