”ცენტრ პოინტ აჭარის” გაყიდვების მენეჯერის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ სალომე ჩარკვიანმა გარკვეულ დოკუმენტებს ხელი მოტყუებით მოაწერა

”ცენტრ პოინტ აჭარის” გაყიდვების მენეჯერის, სალომე ჩარკვიანის ოჯახი ელოდება, რომ რჩეულიშვილების ოჯახისგან სალომე ჩარკვიანის უდანაშაულობის შესახებ განცხადება გაკეთდება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ცენტრ პოინტ აჭარის” გაყიდვების მენეჯერის ოჯახის ახლობელმა თამაზ გამცემლიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სალომე ჩარკვიანს თანხებთან არავითარი შეხება არ ჰქონია და არ გამორიცხავს, რომ გამოუცდელობის გამო მას, ხელმძღვანელობის დავალებით რაიმე დოკუმენტზე ხელი მოეწერა.

”ეს წლების წინ მომხდარი შემთხვევაა, რომელზეც პროკურატურას რეალურად ხელმოსაჭიდი საბუთები უჭირავს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ სალომე ჩარკვიანი მაშინ იყო ახალგაზრდა, გამოუცდელი, ჰქონდა გადაცემული თავისი ფაქსიმილია პასუხისმგებელი პირებისთვის და იქ, რა დუკუმენტებს ურტყამდნენ სალომეს ფაქსიმილიას, ახლა ამაზე საუბარი ძალიან ძნელია. მე არ გამოვრიცხავ, რომ მოტყუებით თვითონ სალომესაც მოეწერა ბევრ რამეზე ხელი და ამას არც თვითონ გამორიცხავს. თანხებთან სალომე ჩარკვიანს არანაირი შეხება რა ჰქონდა. თანხებს განკარგავდნენ დამფუძნებლები. ჩვენ ველოდებით, რომ თუნდაც ამ განცხადების მერე რჩეულიშვილების ოჯახი მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” თამაზ გამცემლიძემ.

ჩარკვიანის ოჯახის ახლობელი აქვე განმარტავს, რომ ოჯახი ყველნაირ პოლიტიკურ განცხადებებს ემიჯნება.

”არანაირი შეხება ამ წუთას სალომეს პოლიტიკასთან არ აქვს. რაღაც უაზრო განცხადებები კეთდება, რომ თითქოს ეს პოლიტიკური დევნაა. ჩვენ გვინდა გავემიჯნოთ პოლიტიკას და ყველა სხვა განცხადებას”, - აღნიშნა გამცემლიძემ.

მთავარი პროკურატურა ”ცენტრ პოინტის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, ”ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, გუკა რჩეულიშვილს, ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორს, ირაკლი მინდელს და გაყიდვების მენეჯერს, სალომე ჩარკვიანს ბრალი გუშინ წაუყენა. საგამოძიებო ორგანო მათ ბათუმში ”ცენტრ პონტის” მიერ დაგეგმილი ”თეთრი მაგნოლიას” მშენებლობის პროცესში, მენაშენეთა კუთვნილი, 20 მილიონ ლარზე მეტის გაფლაგვას ედავება.