ქუთაისის მერიასთან სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს

ქუთაისის მერიის წინ სოციალურად დაუცველებმა და უსახლკაროებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება მოთხოვეს.

აქციაზე მოქალაქეებთან ერთად ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები „გირჩის“ ადგილობრივი ლიდერის თემურ ცამციშვილის იმ კომისიაში ჩართვას ითხოვენ, რომელიც ქუთაისში ახალი სოციალური საცხოვრისის აშენების გამო შეიქმნა.

აქციის მონაწილეებთან ქუთაისის მერი შოთა მუღულია მივიდა. ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში პირველად შენდება სოციალური საცხოვრისი, რომელიც არცერთი მთავრობის დროს არ ყოფილა, მათ შორის იმ მთავრობის, რომელსაც ცხრა წელი „გირჩის“ ადგილობრივი ხელმძღვანელი წარმოადგენდა.

მოგვიანებით შოთა მუღულია აქციის მონაწილეებს მერიის შენობაში შეხვდა და კანონის ფარგლებში სოციალურ საცხოვრისში ფართების დაკმაყოფილებას დაპირდა.

გუშინ ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კონკურსი შედგა. გამარჯვებულმა კომპანიამ 2017 წლის იანვრის ბოლომდე სოციალური საცხოვრისის მშენებლობა უნდა უზრუნველყოს. ამ პროექტისათვის ბიუჯეტიდან მილიონი ლარია გამოყოფილი. საცხოვრისით 70 ოჯახის დაკმაყოფილება იგეგმება. მომავალ წელს მსგავსი პროექტისთვის მილიონ ნახევარი ლარი იქნება გათვალისწინებული.