ირაკლი ლექვინაძე - ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ მგზავრობის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ახალი ავტობუსების შემოყვანის შემდეგ მგზავრობის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ბუნებრივ აირზე მომუშავე, 12 მეტრიანი ავტობუსების პირველი ნაკადი სექტემბრის ბოლოს შემოვა და 143 ერთეულის მიწოდება დაახლოებით, თებერვალში დასრულდება.

როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, ავტობუსებს ბევრი უსაფრთხო და კომფორტული მახასიათებელი გააჩნია.

”რაც შეეხება მოძრაობის მარშრუტებს, ლექვინაძის განცხადებით, განიხილება ძირითადად გრძელი დისტანციები, რადგან ავტობუსების სიგრძე არის 12 მეტრი”, - განაცხადა ლექვინაძემ.

მისივე თქმით, არ განიხილება მგზავრობის ტარიფის გაზრდა.

თავის მხრივ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის ავტობუსები თბილისს აქამდე არასდროს ჰყოლია.

”ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ევროპული ტიპის ავტობუსებმა იარონ და ჩვენი თანამოქალაქეები გადაადგილდებოდნენ როგორც უსაფრთხოდ, ასევე კომფორტულად და მეორე მხრივ, ქალაქის ბიუჯეტი დაზოგავს თანხას ავტობუსების მომსახურებაზე, საწვავით უზრუნველოყოფაზე, ვინაიდან ეს ყველაფერი გაცილებით უფრო იაფი დაჯდება”, - განაცხადა ნარმანიამ.

ავტობუსების შემოყვანაზე თბილისის მერიამ შესაბამის ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „Man Truck and Bus AG“-სთან ხელი დღეს მოაწერა.