საქართველოს მუნიციპალიტეტებს ახალი ნაგავმზიდები მოემსახურება

უხლოეს მომავალში საქართველოს რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები მოემსახურება.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ,,ბიზნესპრესნიუსს” განუცხადა, პროექტი 150 ნაგავმზიდის შემოყვანას ითვალისწინებს. ასევე, როგორც ცნობილია, 7000 ნაგვის ურნა რეგიონებში გადანაწილდება.

ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია შეფასების ეტაპი და ტენდერი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დასრულდება. ტენდერში მონაწილეობას იღებენ ,,მერსედესი”, ,,ივეკო” ,,მანი” ერთი ჩინური და ერთი აზერბაიჯანული კომპანია.

პროექტს EBRD 10 მილიონი ევროთი აფინანსებს, 2 მილიონი ევრო კი გრანტის სახით გამოიყოფა.

ამ თანხის ძირითადი ნაწილი -10 მილიონი ევრო ნაგავმზიდების შემოყვანას მოხმარდება. 2 მილიონი კი ურნებისთვისაა განსაზღვრული.

"ნაგავმზიდები საქართველოს ყველა რეგიონში მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გადანაწილდება. მაღალი გამავლობის ნაგავმზიდები მაღალმთიანი რეგიონებისთვისაა განსაზღვრული. მნიშვნელოვანია ის, რომ უკეთესი და თანამედროვე მანქანებით ძველს ჩავანაცვლებთ,”-აღნიშნავს ჯუანშერ ბურჭულაძე.

ტენდერის დასრულების შემდეგ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი, თუ რომელი ბრენდის ნაგავმზიდები მოემსახურება საქართველოს მუნიციპალიტეტებს.

ქრისტინე გამთენაძე