მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება გრძელდება

EBRD-ის მხარდაჭერით ქვეყანაში მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება გრძელდება, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ დაფინანსების ხელშეკრულებებს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის განსახორციელებლად, EBRD-ის მიერ გამოყოფილი იქნება 10 მლნ ევრო სესხის ასევე 2 მლნ ევრო გრანტის სახით. პროექტის მიზანია, მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და კონტეინერების შეძენას.

პროექტი შედგება ორი ნაწილისაგან - მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანებისა და ტექნიკის შეძენა და მე-2 - ტექნიკური დახმარება მყარი ნარჩენების მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და მყარი ნარჩენების სანიტარული დამუშავების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონებში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას; ეკოლოგიური, სოციალური, ასევე ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას; ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისათვის უვნებელი გარემოს შექმნას და აღნიშნული მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

დღესვე გაფორმდა საპროექტო შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.

მყარი ნარჩენების შემგროვებელი მანქანები და კონტეინერები განკუთვნილია 64 მუნიციპალიტეტისთვის.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე