ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელი კომპანია, თბილისში კი მინა-პლასტიკის ნაკეთობების საწარმო შეიქმნება

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, ამბროლაურში წყლის ჩამომსხმელი კომპანია, თბილისში კი მინა-პლასტიკის ნაკეთობების საწარმო შეიქმნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება.

„დღეს განვიხილავთ და დავამტკიცებთ განკარგულებას, რომლის მიხედვით კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება ამ პროგრამით დამტკიცებული საწარმოების ნუსხას. ეს არის შპს „იწის წყალი“, რომელიც ამბროლაურში ითვალისწინებს ახალი წყლისჩამომსხმელი კომპანიის შექმნას. მინიმუმ 233 000 ლარის ინვესტიციის განხორცილებას და 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია იქ მოსახლეობის დამაგრებისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, თბილისში დიდი ლილოს დასახლებაში მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალი საწარმო გაიხსნება, სადაც 70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ამისთვის შპს „კონსტრაქტენ ვიჟენს“ სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება, მიწა და ძველი საწარმო ნაგებობანი, სადაც ის განახორციელებს მინიმუმ 700 000 ლარის ინვესტიციას. ძალიან მისასალმებელია, რომ საინვესტიციო პირობებში კომპანიამ თვითონ გამოთქვა ინიციატივა, რომ 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს იგი ამ საწარმოში, რაც ძალიან მისასალმებელია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.