მაისში აჭარაში ტურისტების 18,69%-იანი ზრდა დაფიქსირდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაისში აჭარაში ტურისტების 18,69%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მაისის განმავლობაში რეგიონს 44, 567 ტურისტი, მათ შორის 28 884 უცხოელი და 15 683 შიდა ტურისტი სტუმრობდა.

რაც შეეხება იანვარ-მაისის პერიოდს, 5 თვის განმავლობაში აჭარაში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,50 % -ით არის გაზრდილი, რაც 79 431 უცხოელ, ხოლო 42 837 შიდა ტურისტს გულისხმობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სტატისტიკა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

საზღვრის მონაცემების მიხედვით კი, ვიზიტორთა ზრდის დადებითი ტენდენცია შეინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) საჰაერო ტრანსპორტით აჭარაში 42 268 მგზავრი ჩამოფრინდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 74,29%-იან ზრდას გულისხმობს. ქვეყნების მხრივ ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა კი ისრაელიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელორუსიიდან და ლიტვადან შეინიშნება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან აჭარაში 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14-ჯერ გაიზარდა ებრაელი და 5,5-ჯერ ყაზახი ვიზიტორების, ხოლო 78,4%-ით ბელორუსი, 57,56%-ით რუსი და 13,56%-ით ლიტველი ვიზიტორების რაოდენობა.

რაც შეეხება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს, აქ პირველი ორი კვარტლის მონაცემებით ვიზიტორთა 17,82 %-იანი მატება შეინიშნება. განსაკუთრებული ზრდა კი ირანიდან და ყაზახეთიდან შემოსულ ვიზიტორებზე ფიქსირდება. სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან რეგიონში შემოსული ირანელი ვიზიტორების რაოდენობა 7-ჯერ, ყაზახი ვიზიტორებისა კი 30,43% -ით გაიზარდა.

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის წყარო არის რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსების ობიექტები. მონაცემების დამუშავება არსებული მეთოდოლოგიით დროშია გაწერილი და საზღვრის მონაცემებისგან განსხვავებით ერთ თვემდე პერიოდს მოითხოვს, თუმცა აჭარის შემთხვევაში ესაა ერთადერთი მართებული პრინციპი რეგიონში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის დასათვლელად. არსებული სტატისტიკის მიხედვით, როგორც ველოდით, რეგიონში ტურისტების ზრდა გვაქვს ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან, რაც ჩვენი და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა რეგისტრირებული განთავსების ობიექტების გარდა ტურისტები რეგიონში მრავლადაა არარეგისტრირებულ საოჯახო სასტუმროებშიც, რაც კიდევ უფრო ზრდის აჭარაში ჩამოსული სტუმრების სტატისტიკას. ამ ეტაპზე ტურიზმის დეპარტამენტში მიმდინარეობს ივნისის თვის მონაცემების დამუშავება და თვის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება სურათი, თუ რამდენი ტურისტი სტუმრობდა აჭარას ივნისში,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე