”საფერავის” ჯიშის ყურძენზე სუბსიდიის თანხა 20 თეთრი, ”რქაწითელზე” კი - 45 თეთრი იქნება

“რთველი 2016”-ის ფარგლებში, ”საფერავის” ჯიშის ყურძენზე სუბსიდიის თანხა 20 თეთრი, ”რქაწითელზე” კი - 45 თეთრი იქნება, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

როგორც დანელიამ აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს რთველის სუბსიდირებასთან დაკავშირებით და პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით შარშანდელი მიდგომები შენარჩუნდა.

„ყველაზე გამართლებული შარშანდელი პრაქტიკა აღმოჩნდა, სადაც ბენეფიციარი იღებს 15 დღის შემდეგ ანაზღაურებას სუბსიდიის ნაწილში. ”რქაწითელის” ნაწილში გვექნება 45-თეთრიანი სუბსიდირება, ხოლო ”საფერავის” ყურძენზე 20-თეთრიანი სუბსიდირება. ველოდებით, დაახლოებით, 147 000 ტონა გადასამუშავებელ ყურძენს და საერთო ჯამში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ, შარშანდელთან შედარებით, წელს დაახლოებით, 2000-3000 ტონით მეტი შეიძლება იყოს. აღნიშნული ასევე ითვალისწინებს ხელშეწყობას იმ ნაწილში, რომ მნიშვნელოვნადაა შემცირებული ღვინის საექსპორტო ღირებულება. იმის მიუხედავად, რომ ღვინის ექსპორტი 44%-ით არის გაზრდილი შარშანდელ ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, 25%-ით არის შემცირებული ფასი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა სტიმული, თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენი თვითმიზანია გამოვიდეთ სუბსიდიის მიდგომებიდან, როდესაც დარგი ამის შესაძლებლობას მოგვცემს. ფაქტია, რომ დღეს ამის შესაძლებლობას არ გვაძლევს იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია როგორც მევენახეების, ისე ექსპორტიორთა ინტერესების გათვალისწინება“, - განაცხადა დანელიამ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინსიტრმა აღნიშნა, დაფინანსებულია 22 ყურძნის გადამამუშავებელი ახალი საწარმოა და გაფართოვდა 40-ზე მეტი.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე მიმართულებით დავსახოთ პრიორიტეტული გეგმები - ეს გახლავთ ბრენდის განვითარებისა და ხელშეწყობის მიდგომა, რომელიც აღნიშნული სუბსიდირების ნაწილში გავითვალისწინეთ, ვინაიდან გვინდა ქართული ბრენდი კიდევ უფრო პოპულარული და კონკურენტუნარიანი იყოს ევროპულ ბაზარზე, ამიტომ აღნიშნული ტარიფები ითვალისწინებს საბრენდე სპირტის მიღების რენტაბელურ ტარიფებს“, - განაცხადა დანელია.

მისივე თქმით, აღნიშნული ღონისძიებისთვის სამინისტროს ფარგლებში 25 მილიონი ლარია გამოყოფილი. „საერთო ჯამში, ვფიქრობთ, რომ 35-დან 40 მილიონ ლარამდე დასჭირდება აღნიშნულ ღონისძიებას, დაახლოებით, იგივე რაც შარშან“, - დასძინა მინისტრმა.