სპორტის სამინისტროსა და ავიაკომპანიებს შორის მემორანდუმი გაფორმდება

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სასტუმროში Rooms Hotel Tbilisi სამინისტროსა და საქართველოს ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სპეციალური კორპორატიული ფასდაკლების სისტემის ამუშავებას სპორტული ფედერაციებისთვის, რაც საშუალებას მისცემს სპორტსმენებს, ისარგებლონ სპეციალური პირობებით და შეამცირონ ტრანსპორტირების ხარჯები საზღვარგარეთ ტურნირებზე ან შეკრებებზე გამგზავრების შემთხვევაში.

მემორანდუმს ხელს მოაწერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები: Georgian Airways, Lufthansa, LOT Polish Airlines, Ukraine International Airlines, Ural Airlines, YanAir, Dneprovia, Air Cairo, GASA-“GEORGIAN AVIA SERVICE AGENCY “ - Air Arabia, Pegasus Airlines , Arkia, Israir, AirBaltic და China Southern Airlines.

სამინისტროს ინიციატივას ასევე უერთდებიან კომპანიები, Turkish Airlines და Qatar Airways, რომლებიც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდებისა და თანმხლები დელეგაციებისთვის საერთაშორისო ღონისძიებებზე გასამგზავრებლად უზრუნველყოფენ შეღავათიან ფრენებს.

მემორანდუმი ძალაში შევა ხელის მოწერის დღიდან და ფედერაციებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ კორპორატიული პირობებით 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ღონისძიებას სპორტული ფედერაციებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.