ალექსანდრე ჯეჯელავა - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის შემდეგ, მის მიმართ პედაგოგების ნდობა გაიზრდება

სქემის დახვეწის შედეგად, მასწავლებელთა პროფესიული განვითართების სქემის მიმართ პედაგოგების ნდობა გაიზრდება და ისინი ამას დაინახავენ როგორც არა საფრთხეს, არამედ გაუმჯობესების შესაძლებლობას, - ამის შესასხებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვიდეოგაკვეთილი არ იქნება სავალდებულო და ამ მიმართულებით შემოღებული იქნება ალტერნატიული მეთოდები.

„ალტერნატივების მიმართულებით ვმუშაობთ - ეს შეიძლება იყოს ის, რომ როგორც სკოლაში შიგნით აფასებენ ერთმანეთს მასწავლებლები, რეგიონში სკოლებმა ერთმანეთი შეაფასონ. მოგეხსენებათ, რომ ადრე იყო გაკვეთილებზე დასწრების პრაქტიკა. გაკვეთილი ჩვეულებრივ ტარდება, რამდენიმე ადამიანი მას ესწრება და შემდეგ შეფასებას აკეთებს. ჩვენ ამ სქემაზე მუდმივად ვმუშაობთ“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ვიდეოგაკვეთილის შესაძლებლობა რჩება და ზოგიერთი მასწავლებელი, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს კამერასთან, ისევ ასე გააგრძელებს.

„რაც შეეხება ალტერნატივებს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება კოლეგების დასწრება, ოღონდ ისინი იყვნენ არა იმავე სკოლის მასწავლებლები, არამედ სხვა სკოლის პედაგოგები და შესაძლოა, ასევე სამინისტროს თანამშრომლები და ა.შ. კონკრეტული მოსაზრებები გვაქვს და უახლოეს კვირებში გვეცოდინება, რა ფორმატები იქნება. ჩემი სურვილია, რომ ერთი მეთოდი არსად არ იყოს“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კვლევის შედეგად კიდევ რამდენიმე შენიშვნა გამოიკვეთა.

„ზოგიერთ საქმიანობაში მასწავლებლებს კრედიტები ენიჭებათ. შეიძლება გააკეთოს რთული რამ და რამდენიმეთვიან სამუშაოში ერთი კრედიტი მიენიჭოს - აქაც დავხვეწავთ. ამ დახვეწის შედეგად სქემის მიმართ მასწავლებლების ნდობა გაიზრდება და ისინი ამას დაინახავენ, როგორც არა საფრთხეს, არამედ გაუმჯობესების შესაძლებლობას და ეს მათ მოტივაციაზეც იმოქმედებს“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრს მიაჩნია, რომ დღევანდელი ნაბიჯი პოზიტიურია სისტემისთვის, მასწავლებლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც. „რასაც მასწავლებლებთან შეხვედრაზე ვისმენ არის ის, რომ მეკითხებიან რომელზე დავკონცენტრირდეთ - ბავშვებს მივხედოთ და სასწავლო პროცესს, თუ ამ შეფასება-შემოწმებასო. ჩვენი პასუხი ცალსახაა, თქვენ მიხედეთ ბავშვებს, ოღონდ აუცილებლად უნდა არსებობდეს სისტემა, რომელიც ამას რაღაც ჩარჩოში მოაქცევს, ამიტომ მგონია, რომ დღევანდელი ნაბიჯი პოზიტიურია სისტემისთვის, მასწავლებლებისთვისაც და ბავშვებისთვისაც“, - განაცხადა ჯეჯელავამ.