ოთარ დანელია - სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით მილიონი ლარი შეადგინა

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით, მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუმცა განმარტა, რომ ეს საბოლოო მონაცემები არ არის.

„პირველადი მონაცემები დათვლილი გვაქვს და საერთო ჯამში, ეს არის დაახლოებით მილიონ ლარამდე. ეს გახლავთ, ძირითადად, აბაშის და სენაკის მიმართულება, თუმცა საბოლოოდ არ არის დადგენილი და შესაძლებელია ეს ციფრი შეიცვალოს. საკმაოდ რთული იყო მუშაობა, წყალს დასჭირდა დიდი ხანი, რომ გასულიყო ყანებიდან და დღეს განაახლეს სამუშაოები. ალბათ, ჩვენ დღის ბოლოს გვექნება განახლებული ინფორმაცია“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

უხვმა ნალექმა მარტვილის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების სოფლები დააზარალა, სადაც ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია დატბორილი.