სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სატყეო სამსახურში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სატყეო სამსახურში, პროექტის - ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ ფარგლებში, მუნიციპალური და სათემო ტყეების მართვის მოდელის შექმნის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

პროექტი CENN-ის მიერ, ADC-ის (ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ CENN-დან აცნობეს, სათემო სატყეო მეურნეობა გულისხმობს ტყეში და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობის მონაწილეობას ტყეების მართვის, გამოყენების, დაცვისა და შენარჩუნების გეგმების მომზადებაში და დასახული აქვს ორმაგი მიზანი: ტყის პროდუქტებისაგან და ,,მომსახურებისაგან’’ მიღებული სარგებლის მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თემების შერჩევის დროს გასათვალისწინებელი კრიტერიუმები: ადგილობრივი მოსახლეობის გამოცდილება ტყის მართვაში; თემის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაინტერესებულობა; თემი, რომელიც დამოკიდებულია ტყის რესურსებზე, მეტადაა დაინტერესებული ერთობლივი ქმედებების განხორციელებით; მცირერიცხოვანი ერთგვაროვანი მოსახლეობა (სოფელი ან პატარა სოფლების ჯგუფი); მოკლე დროში სარგებლის მიღების შესაძლებლობა; სათემო ტყის რამდენიმე უბანი უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც მოიტანს სწრაფ სარგებელს (მერქნული და არამერქნული რესურსები).

რეგიონის სატყეო სამსახურის უფროსი გოჩა ხორგუანი და უფროსი მეტყევე გოგი დათუნაიშვილი აღნიშნავენ, რომ დასახელებული კრიტერიუმების გათვალისწინებით მუნიციპალური და სათემო ტყის მოდელის შექმნის შესაძლებლობა არსებობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, სადაც არსებობს საგვარეულო ტყეების მართვის ტრადიცია და დამატებით საჭიროა საკონსულტაციო შეხვედრა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან.

მომდევნო საკონსულტაციო შეხვედრა 15 ივლისისთვის დაიგეგმა.