რა ელის მილიონამდე არარეალიზებულ სასკოლო სახელმძღვანელოს?

გამომცემლობებისთვის წელს ბოლო შესაძლებლობაა, მილიონამდე დასაწყობებული სასკოლო სახელმძღვანელოს ნაწილის რეალიზება მოახერხონ. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოებისთვის მომავალ წელს გრიფირების ვადა იწურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ წელში ეს წიგნები უკვე გამოუსადეგარი იქნება. გამომცემლობები განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამისთვის საჭირო წიგნები ხელახლა არ დაბეჭდოს და მათი უკვე არსებული სახელმძღვანელოები შეიძინოს. უკვე მეოთხე წელია, გამომცემლობები განათლების სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლითაც უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამისთვის სამინისტრომ წიგნები სტამბებს დააბეჭდინა, გამომცემლობების შემოსავლის ძირითადი წყარო კი ამ დრომდე არარეალიზებული რჩება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, წლევანდელი სასწავლო წლისთვის საჭირო 72 ათას სახელმძღვანელოს სწორედ გამომცემლობებისგან შეიძენენ. თუმცა წიგნების უმეტესობა წელსაც სტამბაში დაიბეჭდება, რისთვისაც დაახლოებით 3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე