პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება დაიწყო

ინტერნეტბანკის მომხმარებელთა სახელისა და პაროლის შეგროვების ფაქტთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ერთ-ერთი ონლაინსესხების გამცემი კომპანიის შემოწმება დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.

„ინსპექტირება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს, საქართველოს ბანკების ასოციაციისა და რამდენიმე ბანკის მომართვის შედეგად დაიწყო.

უსაფრთხოების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ონლაინსესხებით მოსარგებლე პირებს ურჩევს, დეტალურად გაეცნონ მომსახურების პირობებს, გაანალიზონ ის რისკები, რაც ასეთი სახის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას შეიძლება მოჰყვეს და თუკი უკვე აქვთ რომელიმე კომპანიისთვის მიწოდებული ინტერნეტბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი, სასწრაფოდ შეცვალონ პაროლი.

ვინაიდან ამგვარი მონაცემების შეგროვების პრაქტიკა შესაძლოა სხვა კომპანიებშიც იყოს დანერგილი, მოვუწოდებთ მოქალაქეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გვაცნობონ აღნიშნული ფაქტების შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.