დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა სტაბილურობა, განვითარება, მრავალფეროვნება" , საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანი.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობები, ევროკავშირის საბჭოში სლოვაკეთის საპრეზიდენტო პერიოდის ძირითადი პრიორიტეტები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება და ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების როლი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.

”ყურადღება გამახვილდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებასა და გამოწვევებზე.

მთავარ განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების პროცესი, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური სიტუაცია და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები”, - განმარტავენ სამინისტროს პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის სიტყვით გამოსვლა სესიაში "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA), საკანონმდებლო რეფორმები და ეკონომიკური გავლენა".

ბათუმში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის, კერძო, სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები.