პაატა ჯიბლაძე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს მოუწოდებს, განმარტოს რასთან არის დაკავშირებული ლარის დევალვაციის პროცესი

"მემარცხენე ალიანსის" პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე ხელისუფლებასა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს მოუწოდებს, განმარტონ, რასთან არის დაკავშირებული ლარის დევალვაციის პროცესი.

როგორც პაატა ჯიბლაძემ აღნიშნა, ეროვნული ვალუტა კატასტროფულადაა გაიაფებული.

"ლარი კვლავ კატასტროფულადაა გაიაფებული. ამის პარალელურად კი, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტის გამყარება მიმდინარეობს. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის აპელირებდა იმით, რომ ლარის გაუფასურება მეზობელ ქვეყნებში ეროვნული ვალუტის გაუფასურებიდან გამომდინარეობდა. ახლა, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ვალუტამ გამყარება დაიწყო, ჩვენთან რატომ უფასურდება?! ეს პირდაპირ ურტყამს თითოეულ იმ მოქალაქეს, რომელსაც ხელფასი ეროვნულ ვალუტაში აქვს. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელების მხრიდან. გამოვიდნენ და თქვან, რა პროცესებთან გვაქვს საქმე, რადგან ლარის დევალვაცია პირდაპირ მოქმედებს ბიზნესმენებსა და მოსახლეობაზე. ამ პროცესს პირდაპირ დავარქმევ სპეკულატიურ მოქმედებას. ამ კუთხით ეროვნული ბანკი არავითარ მოქმედებას აწარმოებს",- განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.

პაატა ჯიბლაძის კომენტარს ”მემარცხენე ალიანსის” პრესსამსახური ავრცელებს.