როგორ დააზარალებს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას "ბრექსიტი"

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ბრიტანეთი ეკონომიკურ სტაგნაციასა და სავარაუდოდ, რეცესიას შეეჯახება.

გამოცემა Fortune მკითხველს ბიზნეს სექტორის წარმომადგენელთა შეფასებებს სთავაზობს.

კომპანია Sports Direct

“პოლიტიკური გადაუწყვეტელობა სამომხმარებლო ნდობას დააზარალებს. ფირმა საფონდო შესყიდვებზე დარტყმას იღებს, რადგან არ იყო მომზადებული ფუნტის მოულოდნელი ვარდნისთვის“.

Marks and Spencer

კომპანიის თქმით, სამომხმარებლო ნდობა ჯერ კიდევ რეფერენდუმამდე განელდა. „ბოლო სამი თვის განმავლობაში, გაყიდვების მაჩვენებელი მოსალოდნელზე გაცილებით დაბალი აღმოჩნდა“, - აღნიშნავენ Marks and Spencer-ში.

John Lewis

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყიდვების ზრდა ყველა ფილიალში ივლისის დასაწყისიდან შეჩერდა.

„ამაზონი“

„ამაზონის“ განცხადებით, გაყიდვების ვარდნა ბრიტანეთში რეფერენდუმის შემდეგ არ შეიმჩნევა და კომპანია არ აპირებს ამ ქვეყნის მიმართ არსებული გეგმების შეცვლას. რამდენიმე დღის წინ, „ამაზონმა“ 1000 ახალ სამუშაო ადგილზე ვაკანსია გამოაცხადა დიდ ბრიტანეთში.

სამშენებლო კომპანიები და ქონების დეველოპერები

როგორც Fortune წერს, რამდენიმე მსხვილმა საინვესტიციო ფირმამ დროებით აკრძალა ინვესტორებისგან ფულის მიღება კომერციული უძრავი ქონების სახით, სხვებმა კი ფონდების კაპიტალის ღირებულების შემცირება დაიწყეს.

„ბიზნესის პერსპექტივები ყველაზე ბუნდოვანი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გახდა. დაეცა სამომხმარებლო ხარჯვის ოდენობა და შენელდა ლონდონის ეკონომიკური აქტივობა. 8 ივლისს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 5 წლის განმავლობაში პირველად, სამომხმარებლო მორალი ყველაზე მეტად სწორედ რეფერენდუმის შემდეგ დაეცა, რამაც ნდობის შემცირება გამოიწვია“, ნათქვამია სტატიაში.

Fortune-ს ინფორმაციით, ივნისის თვეში დიდ ბრიტანეთში ახალი მანქანის რეგისტრაციის რაოდენობა 4 წლის განმავლობაში მეორედ დაეცა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ბრიტანული მაღაზიების მომხმარებელთა რიცხვი 3.4 პროცენტით შემცირდა რეფერენდუმიდან 10 დღის შემდეგ.

„ბრექსიტით“ გამოწვეულმა შოკმა ხალხი შოპინგს ჩამოაშორა. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა დასაქმების ბაზარზე, სადაც საშუალო ანაზღაურება 1.9 პროცენტით შემცირდა გასული წლის ივნისის თვესთან შედარებით“, - ნათქვამია სტატიაში.

ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდეგ მნიშვნელოვნად დაზარალდება ის სექტორები, რომელიც ყველაზე მეტადაა დამოკიდებული მიგრანტ მუშახელზე.