სემეკმა მოქალაქეებს 124 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებს 124 779.5 ლარი ჩამოაწერა.

როგორც კომისიაში აცხადებენ, 13 და 14 ივლისის სხდომებზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, რომელთა დიდი ნაწილი მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა.

”კომისიამ იმსჯელა ხანდაზმული დავალიანებების, უსაფუძვლო დარიცხვების, ბუნებრივი გაზის ქსელზე მიერთების პროცედურის დარღვევების, მრიცხველის საფასურის მომხმარებლებისათვის დაკისრებისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ კომპანიის გადაწყვეტილებების შესახებ.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ კომისიას ან კომისიასთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე - 242 01 80, ასევე, კომისიის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც”, - აცხადებენ კომისიაში.