„ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ თავისუფალი ვაჭრობის ყველა სიკეთე მიიღოს“

ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც (DCFTA) მოიცავს.

რა შეიცვალა 2014 წლის 27 ივნისის შემდეგ, რა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, ან რამდენად სარგებლობს საქართველო თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით? - როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, სამინისტროში შეიმუშავეს DCFTA-ის განხორციელების 2014-2017 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც ამ მიმართულებით განსახორციელებელი რეფორმები და ღონისძიებებია გაწერილი. ასევე ყოველწლიურად მზადდება უფრო დეტალური სამოქმედო გეგმები და ფორსირებულად ხორციელდება რეფორმები სხვადასხვა სფეროში.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ამ ორი წლის ექსპორტ-იმპორტის მონაცემებიც დამაიმედებელია: „თუ 2013 წელს ევროკავშირს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 26% ეკავა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებს - 35%, 2015 წლის მონაცემებით ევროკავშირის წილმა 6 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 32% შეადგინა, ხოლო დსთ-ის წილი 7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 28% შეადგინა. ამავე პერიოდში ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის წილი 21%-დან 29%-მდე გაიზარდა, ხოლო დსთ-ის წილი 56%-დან 38%-მდე შემცირდა. 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ევროკავშირთან საგარეო ვაჭრობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება: კერძოდ, სავაჭრო ბრუნვა 6%-ით გაიზარდა, 3165 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 32% დაიკავა. ექსპორტი 4%-ით არის მომატებული, 646 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი ექსპორტის 29% დაიკავა, ხოლო იმპორტი 6%-ით გაიზარდა, 2 518 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა და მთლიანი იმპორტის 33% დაიკავა. იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნა ევროკავშირის შემდეგი ქვეყნებიდან: ირლანდია (45-ჯერ), ავსტრია (16%), პორტუგალია (30%), შვედეთი (101%), მალტა (24%), ხოლო ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: ბულგარეთი ( 28%), გერმანია (10%), ნიდერლანდები (40%), პოლონეთი (184%), რუმინეთი (5-ჯერ), ლიტვა (5%), ირლანდია (13-ჯერ).

ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტ-იმპორტის ზრდის ტენდენციას დადებითად აფასებენ ეკონომიკის ექსპერტები, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ძალისხმევა და მუშაობაა საჭირო:

ვაჟა ბერიძე - ეკონომიკის ექსპერტი:

-საერთოდ, ასეთი ურთიერთობა ორმხრივ სასარგებლო უნდა იყოს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ თავისუფალი ვაჭრობის ყველა სიკეთე მიიღოს. მით უმეტეს, რომ წლების განმავლობაში რუსულ ბაზარზე ვიყავით აწყობილი - ჩვენი პროდუქცია ძირითადად რუსეთში და დსთ-ის სივრცეში გადიოდა. იმისათვის, რომ ევროპასთან სრულფასოვანი თანამშრომლობა შევძლოთ, ქართული ბაზრის მთლიანად შეცვლა და გადაწყობაა საჭირო. ჩვენი ეკონომიკა გამართული და ძლიერი უნდა იყოს. ჩვენ კი, ისევ იმ ტიპის ეკონომიკა გვაქვს, როგორიც 20 წლის წინათ გვქონდა. მართალია, ზოგიერთი კატეგორიის ქართული პროდუქცია ევროპაში წარმატებით გადის, მაგალითად, თხილი და კონცენტრატები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ ევროპის ბაზარზე დავმკვიდრდეთ, გაცილებით მეტი ინვესტიციაა საჭირო. ისეთი პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ, როგორსაც ჩვენგან ევროპული ბაზარი ელის.

ექსპერტის თქმით, ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება ქართული ღვინისთვისაც კი მძიმე იქნება, არადა, ის ნამდვილად არ დაიწუნება. იგივე ითქმის სხვა სახის პროდუქციაზეც:

ვაჟა ბერიძე - ევროკავშირში სულ სხვა სტანდარტებია, რომლისთვისაც ჩვენ მზად არა ვართ. უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ სათბურის პირობებს არავინ შეგვიქმნის, ამიტომ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქცია უნდა შევქმნათ. მხოლოდ მაშინ შევძლებთ იმ სიკეთეებით ვისარგებლოთ, რასაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვპირდება. იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ მარტო რუსული ბაზრის იმედადაც ვერ ვიქნებით, რადგან ის ნაკლებ საიმედოა. კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხო: ჩვენ პირველ რიგში ქართული ბაზარი უნდა დავიცვათ, რადგან თუ აქ ჩინური, ირანული, თურქული და სხვა ქვეყნებში წარმოებული პროდუქცია მომრავლდება, საკუთარი ქვეყნის ბაზარსაც ვერ შევინარჩუნებთ. ამავე დროს, ჩაკეტვაც არ შეიძლება, რადგან ჩვენი ქვეყნის ბაზარი ისედაც მცირეა, ხოლო თვითკმარი ეკონომიკა დაღუპვას ნიშნავს. მხოლოდ კონკურენტუნარიანობით და ხარისხით უნდა ვაჯობოთ სხვებს ქართულ ბაზარზეც კი. ამ ყველაფერზე დაფიქრება ნამდვილად ღირს. ჩემი აზრით, ძალიან დიდი სამუშაოს შესრულება მოუწევს როგორც ამ მთავრობას, ისე არჩევნების შედეგად არჩეულ, მომავალ ხელისუფლებასაც. სხვაგვარად წინსვლა წარმოუდგენელია“ - აცხადებს ექსპერტი.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სოსო არჩვაძე იმ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაკისრებს:

სოსო არჩვაძე - უკვე ორი წელია, რაც ქართულ პროდუქციას აქვს საშუალება ცივილური წესით გავიდეს ევროპის ბაზარზე და იქ თავი დაიმკვიდროს, მაგრამ ეს დიდ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. მთავარია, რომ ევროკავშირი ქართულ მხარეს მიიჩნევს იმ მოთხოვნების შემსრულებელ მხარედ, რომელსაც ის უყენებს თავის მწარმოებლებს და იმპორტიორებს პროდუქციის ხარისხის, უვნებლობის, თუ სხვა ნორმების დაცვის მხრივ. ამიტომ, ეს ნდობა უნდა გავამართლოთ. ეს არის შანსი, პოტენციალი, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს და რომლითაც საქართველომ უნდა ისარგებლოს. მკითხველს შევახსენებ: 15-20 წლის წინ ევროპული პროდუქცია ჩვენს ბაზარზე უცხო ხილი იყო, ახლა კი - ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. 1996 წელს ჩვენი ექსპორტი ევროკავშირში 7 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა, დღეს კი, ამ მიმართულებითაც წინსვლა გვაქვს: მოხერხდა ევროკავშირის ქვეყნებში როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის ზრდა და ეს კარგია. ევროპული პროდუქცია თავის ადგილს იმკვიდრებს ჩვენს შიდა ბაზარზე, ეს ტენდენცია კიდევ უნდა გაღრმავდეს.

სოსო არჩვაძის თქმით, ჩვენმა მეწარმეებმა განსაკუთრებული ყურადღება ხარისხს უნდა მიაქციონ, რომ ახალ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პრესტიჟი არ შეილახოს:

სოსო არჩვაძე -ყველა ექსპორტიორმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მოთხოვნა: პირველი - პროდუქციის უსაფრთხოება, რომ მომხმარებლის ჯანმრთელობას პრობლემა არ შეექმნას, მეორე - ევროპულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და მესამე - ფასი უნდა იყოს ისეთი, რომ იქაურმა მყიდველმა უპირატესობა ქართულ პროდუქციას მიანიჭოს და არა სხვა ქვეყნისას. ეს სამი მთავარი მოთხოვნა უნდა შესრულდეს, რომ ქართულმა ნაწარმმა ევროკავშირის ბაზარზე თავი დაიმკვიდროს. ამიტომ, არ უნდა მოვეშვათ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ევროპელები ქართულ პროდუქციას დღედაღამ ელოდებიან“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

P.S. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვაწოდა:

ევროკავშირში ძირითადი საექსპორტო პროდუქცია:

თხილი და კაკალი - ექსპორტი 149.0 მლნ. აშშ დოლარი.

ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები - ექსპორტი 6,7 მლნ. აშშ დოლარი

პარკოსანი ბოსტნეულის ფქვილი - ექსპორტი 4.0 მლნ. აშშ დოლარი.

სპირტიანი სასმელები - ექსპორტი 13,7 მლნ. აშშ დოლარი

ხილისა და ბოსტნეულის წვენები - ექსპორტი 3.3 მლნ. აშშ დოლარი

ღვინო - ექსპორტი 12,5 მლნ. აშშ დოლარი

ნედლი ნავთობი - ექსპორტი 77,9 მლნ. აშშ დოლარი

სამკურნალო საშუალებები - ექსპორტი 4,7 მლნ. აშშ დოლარი

აზოტოვანი სასუქები - ექსპორტი 65,9 მლნ. აშშ დოლარი

საფრენი აპარატები - ექსპორტი 9.7 მლნ. აშშ დოლარი

სპილენძის მადნები და კონცენტრატები - ექსპორტი 153.1 მლნ. აშშ დოლარი

ფეროშენადნობები - ექსპორტი 21,0 მლნ. აშშ დოლარი.

ევროკავშირიდან ძირითადი საიმპორტო პროდუქცია:

ფრინველის ხორცი - იმპორტი 18,1 მლნ. აშშ დოლარი

შაქარი - იმპორტი 11,9 მლნ. აშშ დოლარი

კარტოფილი - იმპორტი 3.0 მლნ. აშშ დოლარი

ალაო მოხალული - იმპორტი 6.4 მლნ. აშშ დოლარი

სპირტიანი სასმელები - იმპორტი 24.9 მლნ. აშშ დოლარი

სიმინდი - იმპორტი 1.1 მლნ. აშშ დოლარი

ღორის ხორცი გაყინული - იმპორტი 11.6 მლნ. აშშ დოლარი

სამკურნალო საშუალებები - იმპორტი 608.0 მლნ. აშშ დოლარი

ორთქლზე მომუშავე ტურბინები - იმპორტი განხორციელდა გერმანიიდან 15.7 მლნ. აშშ

ჰიდროტურბინები - იმპორტი 24.9 მლნ. აშშ დოლარი

ნავთობი და ნავთობპროდუქტები - იმპორტი 347.0 მლნ. აშშ დოლარი

ტრაქტორები - იმპორტი 16.5 მლნ. აშშ დოლარი

ჭურჭლის სარეცხი მანქანები - იმპორტი 12.1 მლნ. აშშ დოლარი

ხათუნა ჩიგოგიძე