„ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ბიზნესზე უარყოფით გავლენას ახდენს“

ეროვნული ვალუტის გამყარების დაანონსებული ტენდენცია არ გამართლდა.

კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობდა, თუ არ ჩავთვლით გუშინ მცირედით გამყარებას. არსებული ვითარების ფონზე, ეროვნულ ბანკს დოლარი გასაყიდად არ გამოაქვს.

ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურება საქართველოს მთავრობის აძლევს ხელს. ზოგიერთი ბიზნესმენი კი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის ჩარევა ამ ეტაპზე, შესაძლოა, გამართლებული არ იყოს.

ვის ინტერესებში შედის ეროვნული ვალუტის გაუფასურება და როგორ აისახება ლარის არასტაბილურობა ბიზნესის განვითარებაზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ”ბიზნესპრესნიუსი” ექსპერტებსა და ბიზნესმენებს ესაუბრა.

ეკონომიკის ექსპერტ სოსო არჩვაძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის საქმინობის შეფასების მთავარი კრიტერიუმია ფასების სტაბილურობა.

„ეროვნული ბანკი, როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, გარკვეულწილად, რეაგირებს სტიმულებზე. სტიმული ასეთი აქვს - შეფასების მთავარი კრიტერიუმი არის ინფლაციის მაჩვენებლი. რატომ უნდა გამოიტანოს მეტი ლარი მიმოქცევაში, რატომ შეუწყოს ხელი ინფლაციას, როცა საპირისპირო მაჩვენებლს მიიღებს? თუ ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ფასები გაიზრდება 5%-მდე, მანამდე მისთვის ეს პოლიტიკა იქნება არა წამგებიანი, არამედ გარკვეულწილად, გეგმიურ მაჩვენებელზე გამყვანი. არა მარტო წინასაარჩევნოდ, არამედ ზოგადად და მთელს მსოფლიოში (ეს უნივერსალური პრინციპია), მთავრობა თავისი ვალდებულებების გარკვეულ ნაწილს ე.წ. საბეჭდი დაზგის პრინციპით ანუ მიმოქცევაში ფულის მასის გაზრდით უზრუნველყოფს. ეს ფაქტობრივად, არის ინფლაციური გადასახადი, რომელსაც მოსახლეობა იხდის ფასების გაზრდის გამო. როდესაც სახელმწიფოს აქვს გაზრდილი სოციალური ვალდებულებები: პენსიების მომატება, მთის კანონის ამოქმედებაზე დამატებითი ხარჯები, თვითონ არჩევნების ჩატარებაც საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნებაა, საჭიროა დამატებითი შემოსავლები. დამატებითი შემოსავლების ერთ-ერთი და არა ერთადერთი გზა არის სწორედ ინფლაციური მაჩვენებლი”, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი ინტერვენციებს სავარაუდოდ იმ შემთხვევაში განახორციელებს, თუ პანიკის ნიშნები იქნება და კურსი აჟიოტაჟის გამო გაუფასურდება.

„ლარი უფასურდება იმიტომ, რომ იმპორტის რაოდენობა გაიზარდა და ექსპორტი, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირდა. განცხადება იმის შესახებ, რომ ლარს მომავალში გამყარების ტენდენცია ექნება, მცდარი იყო, არასწორი პროგნოზი იყო გაკეთებული. ჩემი აზრით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა არასწორად დაიწყო მოქმედება როდესაც შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი, სარეზერვო ნორმები ლარზე და მესამე: განახორციელა ბაზარზე გამყარების საწინააღმდეგო ინტერვენციები ანუ, ლარი გაყიდა და დოლარი იყოდა - ეს იყო მცდარი პოლიტიკა და მცდარი გადაწყვეტილება იმ მომენტში“, - ამბობს აკაკი ცომაია.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ შეინიშნება იმის ნიშნები, რომ წინასაარჩევნო პერიოდთან მიმართებაში, მთავრობა ბიუჯეტს გარეშე ხარჯავს ბევრს.

„ამიტომ მე ლარის გაუფასურებას და წინასარჩევნო პერიოდს ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებ. რაც შეეხება გამყარებას, აქ მთავარი მაჩვენებლი ეკონომიკური ზრდის ტემპია. თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი იქნება მაღალი, მაშინ ლარს ექნება გამყარების ტენდენცია. აქ ჩვენ ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ“, - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი აიეტ კუკავა ამბობს, რომ არაპროგნოზირებადობა ბიზნესისთვის ყოველთვის უარყოფითი შედეგების მომტანია, ვინაიდან ბიუჯეტი არსებულ კურსზე აქვს დაგეგმილი და კურსის ცვლილება ბიზნესზე უარყოფით გავლენას ახდენს.

„თუ ბიზნესს აქვს საბანკო სესხები ერთ ვალუტაში, როდესაც კურსი იცვლება თავისთავად უარყოფით გავლენას ახდენს. ინვესტიციების მოზიდვა რთულდება. ჩვენს ირგვლივ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი - ყველას უჭირს. არ არის სახარბიელო გარემო, რთულია პროგნოზირება რა მოხდება. მით უმეტეს, შიგნით, ქვეყანაში არჩევნების მოლოდინია და ესეც დამატებითი წნეხია. ყველა ქვეყანაში მთავრობა ამ დროს მოსახლეობას წაახალისებს ხოლმე, შეღავათებს აწესებს, რაც ბიუჯეტს აწვება და ლარის კურსს კიდევ უფრო აფუჭებს.

ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მთავრობისთვის ხელსაყრელია. პირიქით, მოსახლეობა უკმაყოფილოა, როდესაც შემოსავალი აქვს ლარში, ამ დროს კი ლარი უფასურდება და ნაკლების ყიდვა შეუძლია. მთავრობას მოსახლეობის უკმაყოფილება არ აწყობს. პირიქით, რაღაც უნდა გააკეთოს. ეროვნული ბანკის ჩარევა ამ სიტუაციას რამდენად უშველის, არ ვიცი. ავიღოთ დიდი ბრიტანეთი, სადაც ჯორჯ სოროსმა გადაწყვიტა ფუნტზე მოეხდინა გავლენა და სულ რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში 2 მილიარდამდე გააკეთა. როგორც ბრიტანეთის ცენტრალური ბანკი იყო უძლური სპეკულაციების წინაშე, ისე საქართველოს მთავრობას არ აქვს იმდენი რესურსი და ეროვნულ ბანკს არ აქვს იმდენი რეზერვი დაგროვილი, რომ ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. ჩემი აზრით, ეროვნული ბანკი არ უნდა ჩაერიოს ამ ეტაპზე. მათ მთელი მაკროეკონომიკური პარამეტრები აქვთ და თვითონ უკეთ იციან, როდის რა ნაბიჯი გადადგან. ”