2016 წლის I კვარტალის საგადასახდელო ბალანსის მიმოხილვა

2016 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტმა 395.1 მლნ აშშ დოლარი (961.7 მლნ ლარი, პირველი კვარტლის მშპ-ს 13.1 %) შეადგინა.

შარშანდელ პერიოდთან შედარებით შეიმჩნევა დეფიციტის 19,4 პროცენტიანი შემცირება (2015 წლის I კვარტალი - 490.2 მლნ აშშ დოლარი, პირველი კვარტლის მშპ-ს 14.7 %).

მიმდინარე ანგარიშის ბალანსის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში დიდი როლი კვლავ ითამაშა საქონლით ვაჭრობამ. 2016 წლის I კვარტლის მონაცემებით საქონლის ექსპორტმა შეადგინა 637.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტმა - 1625.9 მლნ აშშ დოლარი. ამის გამო საქონლის ბალანსი გაუტოლდა 988.5 მლნ აშშ დოლარს (2.4 მლრდ ლარი). 2015 წლის I კვარტალში ბალანსი უდრიდა 972.1 მლნ აშშ დოლარს. შესაბამისად, წელს გვაქვს სალდოს 1.7 პროცენტიანი წლიური ზრდა. საქონლის ექსპორტი წლიურად 12.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4.3 პროცენტით შემცირდა. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გრანტით მიღებული მედიკამენტების გამოკლებით საქონლის იმპორტი წლიურად 16.6 პროცენტით შემცირდა.

საქონლის ვაჭრობის უარყოფით სალდოს ნაწილობრივ ანეიტრალებს მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი. დადებითი სალდო გამოწვეულია ტურისტული შემოსავლებით. 2016 წლის პირველ კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 3.9 პროცენტით გაიზარდა (625.7 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მომსახურების იმპორტი პრაქტიკულად არ შეცვლილა (385.6 მლნ აშშ დოლარი). მომსახურების სალდომ 240.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდო ტურისტულ მომსახურებას გააჩნია. მისი ექსპორტი წლიურად 15.7 პროცენტით გაიზარდა და 345.5 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. რაც მომსახურების ექსპორტის 61.6 %-ს შეადგენს, ხოლო საერთო ექსპორტის 28.1 %-ს). ტურიზმის მომსახურების იმპორტი შარშანდელ მაჩვენებეთან შედარებით გაიზარდა 26.9 პროცენტით და გაუტოლდა 83.1 მლნ აშშ დოლარს (2015 წლის I კვარტალი - 65.5 მლნ აშშ დოლარი). 2016 წლის პირველ კვარტალში შეინიშნა წლიური 17.3 პროცენტიანი შემცირება. ეს გამოწვეულია სადაზღვევო მომსახურების ექსპორტის წლიური 29.3 პროცენტიანი შემცირებით (2016 წლის I კვარტალი - 3.7 მლნ აშშ დოლარი) და იმპორტის წლიური 18.9 პროცენტიანი შემცირებით (2016 წლის I კვარტალი - 30 მლნ აშშ დოლარი). ასევე აღსანიშნავია ბალანსის წლიური 181.6 პროცენტიანი შემცირება სხვა სასაქონლო მომსახურებაში. აღნიშნულ ჯგუფში ექსპორტი გაუტოლდა 13.3 პროცენტით. ხოლო იმპორტი გაუტოლდა 25.9 მლნ აშშ დოლარს (წლიური 30.1 პროცენტიანი ზრდა). მკვეთრი წლიური 115.4 პროცენტიანი შემცირება შეიმჩნევა სამთავრობო მომსახურების ბალანსში. კერძოდ, ექსპორტი გაიზარდა 5.1 პროცენტით და გაუტოლდა 22.4 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი წლიურად 34.3 პროცენტით გაიზარდა და გაუტოლდა 19.1 მლნ აშშ დოლარს. აღნიშნული ცვლილებები დიდწილად განპირობებულია საელჩოების საკონსულოების იმპორტის წლიური 46.4 პროცენტიანი ზრდით (2016 წლის I კვარტალი - 15.3 მნლ აშშ დოლარი).

მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტს ასევე ამცირებს მიმდინარე ტრანსფერტების სალდო. წელს მიმდინარე ტრანსფერტების ბალანსმა წინა მაჩვენებლებთან შედარებით, მაქსიმალურ მნიშვნელობას მიაღწია. 2016 წლის მონაცემებით სალდომ წლიურად 31.9 პროცენტით გაიზარდა და 462.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის I კვარტალი – 314.5 მლნ აშშ დოლარი). ბალანსის კრედიტი წლიურად 41.8 პროცენტით გაიზარდა და 487.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერები 8.5-ჯერ გაიზარდა. აღნიშნული ზრდა ძირითადად გამოწვეული იუო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული 208.1 მლნ აშშ დოლარის დახმარების ხარჯზე. ზრდა ასევე გამოწვეულია ბალანსის დებეტის წლიური 12.9 პროცენტით შემცირებით (2016 წლის I კვარტალი - 25.5 მლნ აშშ დოლარი). აღსანიშნავია, რომ გზავნილები საქართველოში წლიურად შემცირდა 9.7 პროცენტით და გაუტოლდა 137.3 მლნ აშშ დოლარს. ხოლო გზავნილები საქართველოდან გაიზარდა 26.3 პროცენტით და გაუტოლდა 132.2 ათას დოლარს.

2016 წლის პირველ კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შემოსავლების სალდო წლიურად 120.9%-ით შემცირდა და 108.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული შემცირება გამოწვეულია მუშაკთა შრომის ანაზრაურების წლიური 8.5 პროცენტიანი შემცირებით და საინვესტიციო შემოსავლის ბალანსის წლიური 4 პროცენტიანი შემცირებით. 2016 წლის მონაცემებით სალდოები შესაბამისად ტოლია 118.6 მნლ აშშ დოლარის და 227.5 მლნ აშშ დოლარის.

წმინდა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, პირველ კვარტალში 333.4 მლნ აშშ დოლარი (811.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 11 პროცენტია. მსოფლიო კრიზისის შემდეგ წელს დაფიქსირდა ინვესტიციების მაქსიმალური მნიშვნელობა და შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 161.1 პროცენტით (2015 წლის I კვარტალი - 127.7 მლნ აშშ დოლარი). პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (200.2 მლნ აშშ დოლარი - 53 %) და საფინანსო სექტორში (57.6 მლნ აშშ დოლარი - 15 %) განხორციელდა. ასევე აღსანიშნავია წმინდა პორტფელური ინვესტიციების ზრდა. 2016 წლის მონაცემებით პირველ კვარტალში სალდომ შეადგინა 60.9 მლნ აშშ დოლარი. ანალოგიური სალდო 2015 წლის პირველ კვარტალში იყო უარყოფითი და შეადგენდა 83.1 მლნ აშშ დოლარს.

2016 წლის პირველ კვარტალში ასევე შეიმჩნევა სარეზერვო აქტივების წლიური 52.4 პროცენტით შემცირება. 2016 წლის მონაცემებით აქტივებმა შეადგინა 87.9 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში - 184.8 მლნ აშშ დოლარი იყო. იმის მიუხედავად, რომ სესხის სპეციალური უფლებების დეფიციტი 12.8 მლნ აშშ დოლარიდან 4.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, სარეზერვო აქტივების შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირებით. კერძოდ, 2016 წლის პირველ კვარტალში უცხოური ვალუტის რეზერვი შეადგენს 92.1 მლნ აშშ დოლარს, რაც 53.4 პროცენტით ნაკლებია ანალოგიურ მაჩვენებელზე 2015 წელს (197.6 მლნ აშშ დოლარი).

როგორც ვხედავთ შეინიშნება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია. იმის მიუხედავად, რომ ლარი საკმაოდ გაუფასურდა, ამან არ გამოიწვია საქონლის ექსპორტის მოსალოდნელი მომატება, თუმცა დადებითად იმოქმედა მომსახურების ექსპორტზე. აღინიშნება როგორც საქონლის, ასევე მომსახურების იმპორტის შემცირება, რაც ჯამში დადებითად მოქმედებს მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე. ექსპორტის მხრივ ყველაზე შემოსავლიან სფეროს წარმოადგენს ტურიზმის სექტორი. გაიზარდა მიმდინარე ტრანსფერტების სალდოც. აღინიშნება მუშაკთა გზავნილების შემცირება, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მეზობელ ქვეყნებში მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან. პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, I კვარტლის მონაცემებით, შეადგინეს მაქსიმალური მნიშვნელობა. ასევე აღსანიშნავია წმინდა პორტფელური ინვესტიციების ზრდა. ლარის მკვეთრი გამყარების შენელების მიზნით შეიმჩნევა უცხოური აქტივების შემცირება.

ცოტნე მარღია

,,ეკონომიკური კვლევის ცენტრი“ (ICER)