ქართული წარმოების ჩანთები უკრაინაში ექსპორტზე გადის

ქართული ჩანთების მწარმოებელი კომპანია ,,გეფერინი” ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისებას გეგმავს.

ორ კვირაში ქართული ბრენდი უკრაინის სხვადასხვა მაღაზიაში გამოჩნდება. ახალ პარტნიორთან მოლაპარაკებები კომპანიამ უკვე დაასრულა.

,,გეფერინის” დამფუძნებელი ილია გეფერიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ბრენდი დროებით აჩერებს საქართველოში განვითარებას და აქცენტს საექსპორტო ბაზარებზე აკეთებს. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები კიდევ ორ ქვეყანასთან აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან მიმდინარეობს.

,,უკრაინიდან შეკვეთა მიღებულია და უახლოეს პერიოდში გავგზავნით პროდუქტს. უკრაინაში ეს ჩვენი ბრენდის პირველი გასვლაა და ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მაღაზიის გახსნას არ გულისმობს“, - აღნიშნავს ილია გეფერიძე.

,,გეფერინის” პროდუქტი AMAZON-ზეცაა წარმოდგენილი. თუმცა, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, საიტზე ჯერჯერობით მხოლოდ ორი სახის ჩანთა განთავსდა. ახლო მომავალში კი ,,გეფერინი” „ამაზონზე“ სრული პროდუქციით გამოჩნდება.

ქართული ბრენდის ჩანთები წარმატებით იყიდება ამერიკაში, მანჰეტენზე მდებარე მაღაზიებსა და რუსეთის სამ ქალაქში. ,,გეფერინის” ჩანთები მოსკოვის შოურუმში, პეტერბურგისა და როსტოვის მაღაზებში იყიდება. საქართველოში კი კომპანიას ამ ეტაპზე სამი მაღაზია აქვს გახსნილი. ამათგან ორი - თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს.

როგორც ილია გეფერიძე აღნიშნავს, ბრენდით ირლანდია, ბრიტანეთი და საფრანგეთიც დაინტერესებულია, თუმცა ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები ამ მხრივ არ გადადგმულა.

,,გეფერინის” ჩანთების ფასი საქართველოში 35 ლარიდან 359 ლარამდე, ამერიკაში 199 დოლარიდან 999 დოლარამდე, რუსეთში კი 3200 რუბლიდან 25 ათას რუბლამდე მერყეობს.

ქართული ბრენდის ,,გეფერინის” ჩანთების საწარმო სოფელ დიღომში მდებარეობს. საწარმოში ამჟამად 25 ადამიანია დასაქმებული.

ილია გეფარიძის ინფორმაციით, ახლო მომავალში საწარმოს გაფართოება და მისი ახალი დანადგარებით აღჭურვა იგეგმება.

ქრისტინე გამთენაძე