ევროკავშირის წარმომადგენელი აჭარაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობას გაეცნობა

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე, კატარინა მატერნოვა ხვალ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გაეცნობა.

როგორც  ENPARD-ში განაცხადეს, ENPARD-ი აღიარებულია ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინიციატივად სოფლის მეურნეობის სფეროში. პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებისთვის ევროკავშირის დახმარება 2013 წლიდან დღემდე 250 მილიონ ლარზე მეტია. აჭარაში ENPARD-ი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით ხორციელდება.

”ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში ვიზიტი და მცირე ფერმერებთან გასაუბრება შესაძლებლობას მისცემს გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, თავად გაეცნოს ფერმერთა წარმატებულ კოოპერატივებს და მათ როლს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

კატარინა მატერნოვა ბათუმში, 10:00 საათზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „საწური“ ეწვევა, სადაც კოოპერატივის ხელმძღვანელობას შეხვდება და მათ ღვინის მარანში კოოპერატივის საქმიანობის შესახებ მოკლე პრეზენტაციას მოისმენს.

11:00 საათზე კი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ნატურგიფტი“ ეწვევა. დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კოოპერატივის წევრებს შეხვდება და მათ საქმიანობას გაეცნობა. მატერნოვა კოოპერატივს 60,000 ლარის ღირებულების თაფლის წარმოების დანადგარებს გადასცემს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.