24 წლის ქართველმა ფერმერმა საკუთარი პროდუქცია იტალიაში ექსპორტზე გაიტანა

შპს „კესკიას“ ახალგაზრდა ხელმძღვანელის მარი კოდუას თქმით, მაისში 20 ტონა თხილის გული იტალიაში ექსპორტზე გაიტანა.

მისივე განცხადებით, თხილის მიწოდების თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება იტალიურ, პოლონურ და გერმანულ კომპანიებთანაც.

,,ვემზადებით ახალი სეზონისთვის და პოტენციურ ევროპელ პარტნიორებთან თხილის მიწოდების თაობაზე აქტიური კონტაქტი გვაქვს. ცოტა ხნის წინ რამდენიმე მათგანი გვსტუმრობდა კიდეც. მათ დაათვალიერეს ჩვენი საწარმო და პლანტაციები. ვინაიდან გერმანია და იტალია არიან მსხვილი შემსყიდველი ქვეყნები, აქცენტს მათზე ვაკეთებთ თუმცა მოლაპარაკებები პოლონეთთანაც მიმდინარეობს. ”-აღნიშნავს მარიამ კოდუა.

როგორც მარიამ კოდუა ამბობს, ევროკავშირის ქვეყნებთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ბარიერების გარეშე აქვთ შესაძლებლობა გაიტანონ პროდუქცია და პარალელურად გარკვეული შეღავათებით ისარგებლონ.

,,თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ თხილი დაბეგვრისგან მანამდეც გათავისუფლებული იყო და ამას GSP+ შეთანხმება ითვალისწინებდა. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერთა ინფორმირება თუ რა სარგებელი შეიძლება მოუტანოთ მათ ევროკავშირიში თავისუფალმა ვაჭრობამ. ასევე მთავარია, ქართველმა ფერმერებმა აქცენტი ხარისხზე გააკეთონ, რადგან ევროპის ბაზარი ძალიან კონკურენტუნარიანია”, - აღნიშნავს „კესკიას“ ხელმძღვანელი.

ქრისტინე გამთენაძე