ქართველ ტურისტებს ნიცაში დაგეგმილი ტურები ჯერჯერობით, არ გაუუქმებიათ

საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში გუშინ მომხდარი ტერაქტის ფონზე, საქართველოდან ნიცაში ჯავშნების გაუქმება ამ დროისთვის არ მომხდარა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ადგილობრივმა ტუროპერატორებმა განუცხადეს, ნიცაში ფრენები დაგეგმილ დროში შესრულდება.

„ამ ეტაპზე მომხმარებლებს საფრანგეთის მიმართულებით გაკეთებული არც ერთი ჯავშანი არ გაუუქმებიათ. მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ,”- აღნიშნავენ ტურისტულ კომპანიებში.

გუშინ ადგილობრივი დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო ავტომობილი შევარდა.

თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გადაევლო.

ტერორისტმა დაახლოებით 2 კილომეტრის გზა გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. ამ დროისთვის მონაცემებით, დაღუპულია 84 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 10 ბავშვია.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

სატვირთო მანქანაში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა და იარაღი აღმოაჩინეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 31 წლის ტუნისელი იყო. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ის სამართალდამცავი ორგანოებისთვის დანაშაულებრივი ქმედებების გამო ადრეც იყო ცნობილი.

პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ორგანიზატორი სავარაუდოდ, „ისლამური სახელმწიფოა“.

ქრისტინე გამთენაძე