დიმიტრი ქუმსიშვილი არ გამორიცხავს, რომ თურქეთთან საზღვრის გახსნა საკმაოდ მალე მოხდეს

აბსოლუტური კომუნიკაცია არსებობს როგორც საზღვარზე, ისე თვითონ თურქეთის მთავრობასთან,

- ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

„ყველა შესაბამისი სტრუქტურა მუშაობს. კომუნიკაცია არსებობს როგორც საზღვარზე, ისე თვითონ თურქეთის მთავრობასთან. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ რა ხდება სტამბულის აეროპორტში, რამდენი ქართველია იქ და რა ტიპის დახმარება შეგვიძლია გავუწიოთ. პრაქტიკულად გაუჩერებლად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ერთად“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან, პირველი ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ ეს შეიძლება, საკმაოდ მალე მოხდეს.

თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაღის ინფორმაციით, ამ დროისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 754 ადამიანია დაკავებული.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეირაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ.

მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილურდებოდა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობას 60 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 17 სამართალდამცველი იყო. ამ დროისთვის დაშავებულია 1000-მდე ადამიანი.