თურქეთის ხელისუფლებამ ბოსფორის სრუტე ტანკერებისთვის ჩაკეტა

ბოსფორის სრუტე, რომელიც შავ და მარმარილოს ზღვებს აერთიანებს, უსაფრთხოების მიზნით ტანკერებისთვის ჩაიკეტა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით, უცნობია, რამდენ ხანს იქნება დახურული სრუტე ტანკერებისთვის.

თურქეთში შეიარაღებული გადატრიალება გუშინ გვიან ღამით დაიწყო. შეიარაღებული ძალების ნაწილმა განაცხადა, რომ მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა, რის შემდეგაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

სტამბოლისა და ანკარას ქუჩებში ტანკები და სხვა მძიმე შეიარაღება გამოჩნდა, საჰაერო სივრცეს ამბოხებულები თვითმფრინავების მეშვეობით აკონტროლებდნენ. მოგვიანებით, მათ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ტელემიმართვა გაავრცელა, შემდეგ კი საკუთარ მხარდამჭერებს შეხვდა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა სთხოვა იქამდე, სანამ ვითარება არ დასტაბილურდებოდა.

ბოლო მონაცემებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე, დაშავებულმა რაოდენობა 1 154-მდე გაიზარდა, დაკავებულთა რიცხვმა კი 1 563-ს მიაღწია.