სალომე ჩარკვიანი პატიმრობიდან გათავისუფლდა

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული სალომე ჩარკვიანი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა და მას 4- წლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა.

როგორც საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე განმარტავს, გათვალისწინებულია ის გარემოებები, რომ სალომე ჩარკვიანმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა პროკურატურასთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე მიაწოდა სამართალდამცველებს ინფორმაცია. ასევე ჩარკვიანი ადრე არ ყოფილა ნასამართლევი.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სალომე ჩარკვიანმა თბილისის პროკურატურას მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით 15 ივლისს მიმართა.

"განცხადების განხილვისას ბრალდების მხარემ გაითვალისწინა რიგი გარემოებები. კერძოდ, სალომე ჩარკვიანმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისცა საქმის რეალური გარემოებების ამსახველი ობიექტური ჩვენება. იგი წარსულში არ არის ნასამართლევი. საქმეში მისი როლი და ქმედების ხასიათი შედარებით ნაკლები საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. პროკურატურის მიერ ასევე გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ დაზარალებულებმა მათთან გავლილი წერილობითი კონსულტაციების დროს დააფიქსირეს თანხმობა სალომე ჩარკვიანისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით და ყოველივე ზემოაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მიღებულია გადაწყვეტილება სალომე ჩარკვიანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, რა დროსაც მას სასჯელის სახით განესაზღვრება პირობითი მსჯავრი”, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.