ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლების წევრები სტამბოლში უახლოეს ხანებში ჩავლენ

საქართველოს საკონსულო დეპარტამენტის საინფორმაციო საკონსულო სამმართველოს უფროსის გრიგოლ მაგრაქველიძის განცხადებით, სტამბოლის საკონსულოს თანამდებობის პირები ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლების "ქართული გენის" და "გორდას" წევრებს სტამბოლში დახვდებიან.

როგორც გრიგოლ მაგრაქველიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჟურნალისტებს განუცხადა, თურქეთში არსებული ვითარების გამო გზები იყო გადაკეტილი და გადაადგილება შეზღუდული, რის გამოც ავტობუსებმა საქართველოსკენ გამომგზავრება ვერ შეძლეს.

"თურქეთში გზების ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვითარება დარეგულირდა. გზები გახსნილია, რის შესახებაც ჩვენი საკონსულოს თანამდებობის პირი დაუკავშირდება მძღოლს, ავტობუსში მყოფ პიროვნებებს და ვითარებას აცნობებს. სტამბოლის მისადგომებთან ჩვენს მოქალაქეებს საკონსულოს თანამდებობის პირი დახვდება", - განაცხადა გრიგოლ მაგრაქველიძემ.

მისივე თქმით, ავტობუსში მყოფებს საკვებს და წყალს მიაწვდიან. მაგრაქველიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ საკონსულოს წარმომადგენელი სამედიცინო დახმარების აუცილებლობის შესახებაც ინფორმირებულია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე მშობლებმა განაცხადეს, მათ უკვე დაუკავშირდა ერთ-ერთი ქორეოგრაფი თურქეთიდან, რომელმაც აცნობა, რომ ავტობუსი საქართველოსკენ უკვე დაიძრა და მალე სტამბოლში შევლენ. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ელჩი თურქეთში თავად უკვე ელაპარაკა ტელეფონით ამ ქორეოგრაფს და ვითარებას გაეცნო.