დიმიტრი ქუმსიშვილი - ეს რეჟიმი გაგრძელდება, ვიდრე თურქეთის შიგნით გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხო გახდება

ჩვენი მოქალაქეებისთვის თურქეთის მიმართულებით საზღვარზე დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა პირიქით ყველაფერი გახსნილია,

- ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ეს რეჟიმი გაგრძელდება, ვიდრე თურქეთის შიგნით გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხო გახდება. ქუმსიშვილი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მათივე უსაფრთხოებისთვის შეზღუდვებს გაგებით მოეკიდონ.

„მინდა მოსახლეობას მოვახსენო, რომ ყველა სტრუქტურა ქვეყნის შიგნით არის აბსოლუტურად მობილიზებული და მუშაობს გამართულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება და მე მინდა დავადასტურო, რომ საზღვარზე ამ წუთში ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი მოქალაქეებისათვის თურქეთის მიმართულებით დაწესებულია შეზღუდვები, თუმცა პირიქით, ეს ყველაფერი არის გახსნილი. ამასთან ერთად, ჩვენ გვქონდა რამდენიმე მიმართულებით მოსაგვარებელი საკითხები და შექმნილი ვითარებიდან კეთდება მაქსიმუმი. რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიხსნება საზღვარი, ეს დამოკიდებულია ოპერატიულ მუშაობაზე და იმ მონაცემებზე, რა მონაცემებსაც მივიღებთ თურქეთიდან. როგორც კი საბოლოოდ მოხდება დადასტურება, რომ თურქეთის შიგნით გადაადგილება იქნება აბსოლუტურად დაზღვეული ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს არ შეუქმნის მათ საფრთხეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავხსნით. მე მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაგებით მოეკიდონ - ეს არის ზრუნვა პირველ რიგში მათზე და ამიტომ არის მიღებული ეს ზომები“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.