ავიაკომპანია "ატლას გლობალი" საქართველოში ქართველი მგზავრების გადმოფრენას დღეს სპეცრეისით უზრუნველყოფს

მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სტამბოლის აეროპორტში ჩვენი მოქალაქეებისთვის საკვები და წყალი იყოს მიწოდებული.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

„სტამბოლის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები. იქ არის ორი პატარა ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობაზეც ახლა ვზრუნავთ. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ აეროპორტში ავიაკომპანიის თანამშრომლებსაც არა აქვთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საკვები და წყალი იყოს მიწოდებული ჩვენი მოქალაქეებისათვის“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ავიაკომპანია „ატლას გლობალმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს, 16:20 საათზე სპეცრეისით უზრუნველყოს ქართველი მგზავრების გადმოფრენა საქართველოს მიმართულებით.