ევრო 2016-ის ფინალში 30-წამიანი ტელერეკლამა 270 000 ევრო ღირდა

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ფრანგულ ტელეკომპანია M6-ზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცემდა შეხვედრას, 30-წამიანი რეკლამის ღირებულებამ 270 ათასი ევრო შეადგინა.

La Tribune-ის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი ოთხჯერ მეტია ჯგუფური ეტაპის მატჩების ტრანსლირებისას სარეკლამო ფასზე.

ფრანგული ტელეარხის განცხადებით, ფინალში საფრანგეთის ნაკრები რომ არ გასულიყო, 30-წამიანი რეკლამის ფასი 155 ათასი ევრო იქნებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, M6-ს ევრო 2016-ის 11 მატჩის ტრანსლირების უფლების მოპოვება 25 მილიონი ევრო დაუჯდა. სხვა ძირითად მატჩებს ტელეკომპანია BeIN Sports აჩვენებდა.

10 ივლისს პარიზში, „სენ დენის“ სტადიონზე გამართულ ევროპის 2016 წლის ფინალურ დაპირისპირებას საფრანგეთი-პორტუგალიას შორის თვალი 20,83 მილიონმა ტელემაყურებელმა ადევნა, რაც ფრანგული აუდიტორიის 72,9%-ია. შეხვედრა პორტუგალიის გამარჯვებით 1:0 დასრულდა. პორტუგალიის ნაკრები პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი.