ისტორიკოსი ცოლ-ქმრის ლოკოკინების ფერმა ახალციხეში

ლოკოკინების ფერმა რომ არსებობდა, თავდაპირველად არც კი დავიჯერე, თუმცა, ჩემდა სასიამოვნოდ, სიმართლე აღმოჩნდა - ახალციხის უძველეს სოფელ მუსხში, ოქრომელიძეების ოჯახს აქვს. ეს კი ჩვენს არცთუ გამართულ ბიზნესგარემოში დიდი მიღწევაა. ფერმა ახალგაზრდა, სამშვილიანმა ოჯახმა დააარსა, პროფესიით ისტორიკოსებმა. მიაჩნიათ, რომ საკუთარი ოჯახის გარდა, ამით ქვეყანასაც ეხმარებიან, და ასეც არის. იდეა დავით ოქრომელიძის იყო. ფერმას ლალი ცუხიშვილი უვლის მეუღლესთან ერთად. ქალბატონ ლალისთან საუბარი იმ კითხვით დავიწყე, რომელიც, მართალია, ფერმის მოვლას არ ეხება, მაგრამ ძალიან საინტერესოა.

- როგორც გავიგე, წარმოშობით იმერეთიდან ბრძანდებით, სადაც ლოკოკინები რომ ვინმეს სუფრაზე მიართვათ, შეიძლება ძალიან გაბრაზდნენ, თქვენ კი ლოკოკინების ფერმა გაგიკეთებიათ.

- საჩხერიდან გახლავართ, მაგრამ მესხეთში ვარ დაბადებული, სადაც ლოკოკინები ძალიან უყვართ. ამიტომაც მოვკიდეთ ხელი ამ საქმეს. ეს პროდუქტი მთელ მსოფლიოში დელიკატესად ითვლება და ძვირიც ღირს. მესხეთში კილოგრამი ლოკოკინა 15-დან 35 ლარამდე ღირს; ყოველთვის ხორცზე ძვირი ღირდა. მე და ჩემს მშობლებს არასოდეს გვიჭამია­ ლოკოკინა, სამაგიეროდ, ჩემი მეუღლის ოჯახში სიამოვნებით მიირთმევდნენ, ბავშვებსაც უყვართ.

ლოკოკინაში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, ერთი მესამედით მეტი ცილაა, ვიდრე ქათმის კვერცხში. ძალიან ბევრია ვიტამინი, მიკროელემენტები, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. გარდა ამისა, მას განახლება, გაცოცხლება ახასიათებს და ამ თვისებას ორგანიზმსაც გადასცემს. ლოკოკინასგან 100-ნაირი კერძი მზადდება.­ ლოკოკინა კოსმეტოლოგიაშიც ფართოდ გამოიყენება - თუ ლოკოკინა თავის სხეულს იახლებს, ცხადია, ის კანსაც განაახლებს.

ჩვენს რეგიონში მესხური ლოკოკინა­ ბინადრობს. ახალციხისა და ასპინძის სოფლების გარშემო მდებარე ფერდობებზე მათ უამრავ შემგროვებელს ნახავთ. ლოკოკინები გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე გროვდება გლერძის ბუჩქების ძირში, შემდგომ კი ბაზარზე გააქვთ გასაყიდად. მსურ­ველი იმდენად ბევრია, რომ შემგროვებლები ხშირად ხელცარიელი რჩებიან, რადგან გადაშენების ზღვარზეა მისული. სწორედ ამიტომ, ჩემმა მეუღლემ ფერმის შექმნა გადაწყვიტა, რაც ოჯახს ფინანსურადაც დაეხმარება და მესხეთის ბუნებასაც წაადგება. საქმე ის არის, რომ შემგროვებლები ლოკოკინას მესხურ ჯიშსაც ანადგურებენ და ადგილობრივი ფლორის უნიკალურ მცენარე გლერძსაც.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 18 ივლისის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად