ქართული ღვინო ქველმოქმედებისთვის

კომპანია „სესიაშვილი“ ღვინოს სახელწოდებით „სიკეთეს“ ასხამს.

საინტერესოა როგორ წარმოიშვა ამ ღვინის სახელწოდება და რაში მდგომარეობს მისი სიკეთე. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელს როსტომ სესიაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც 29 წლის ასაკში ათ წელზე მეტია ამ ბიზნესშია და ცნობილი მეღვინეების შთამომავალია. სესიაშვილმა კომპანია 2015 წლიდან ფუნქციონირებს მისი საქმიანობის სფერო მევენახეობა-მეღვინეობაა. როსტომ სესიაშვილის განმარტებით, ღვინო „სიკეთეს“ გაყიდული თითოეული ბოთლიდან 50 თეთრი საქართველოს „სოლიდარობის ფონდში“ ირიცხება.

- ბატონო როსტომ უფრო დეტალურად, რომ განგვიმარტოთ „სიკეთეს“ ქველმოქმედების შესახებ?

- გვაქვს ბედნიერება, ვითანამშრომლოთ ისეთ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან, როგორიც არის „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“, ვინაიდან აღნიშნული ფონდი უზარმაზარი ნაყოფიერებით გამოირჩევა 22 წლამდე ბავშვებსა და ახალგაზრდებში სიმსივნის დაძლევის მიმართულებით. ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია, რომ ყოველი გაყიდული ბოთლიდან 50 თეთრი ჩაერიცხება „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“, ემსახურება არა მხოლოდ მომხარებელში ამ ღვინის შეძენის სურვილის აღძვრას, არამედ ფონდისა და მისი სლოგანის - „სიკეთე გადამდებიას“ შემდგომ პოპულარიზაციას.

- საინტერესოა, რა მასშტაბით არის ათვისებული ქართულ ბაზარზე თქვენს მიერ წარმოებული ღვინო?

- ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი კომპანია საწყის ეტაპზე ქართული ღვინის ბაზრის სრულად ათვისებას ვერ შეძლებს, გვაქვს მზაობა, მივცეთ საშუალება მსხვილ და მცირე ღვინის კომპანიებსაც აწარმოონ ღვინო „სიკეთე“ ჩვენს მიერ შემუშავებული კონცეფციით. შესაბამისად, აღნიშნული პროექტი სამომავლოდ ითვალისწინებს მცირე და საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობასაც. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს მცირე და საოჯახო მარნებისათვის ქვევრის ღვინის საკონსულტაციო ცენტრის, ლაბორატორიისა და სერვის ცენტრის შექმნა.

- რით გამოირჩევა „სიკეთე“ სხვა ქართული ღვინოებისგან?

- ღვინის სახელწოდება „სიკეთე“ მიუთითებს მის მიზანმიმართულობას. იდეა გამომდინარეობდა იქიდან, რომ გვინდოდა ჩვენი ღვინის კომპანია, შპს „სესიაშვილი“ ჩაგვერთო საქველმოქმედო საქმიანობაში. ღვინის ბაზრის შესწავლის შედეგად დავადგინეთ, რომ საქართველოში მოიხმარება თეთრი ღვინის დიდი რაოდენობა, მაგრამ ამის მიუხედავად, თეთრის ყურძნის მოსავლის რაოდენობა მაინც აჭარბებს მოხმარებას. აღნიშნული ფაქტი მწვავე პრობლემად დგას როგორც მოსახლეობისთვის, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებისთვისაც. კვლევამ ასევე ნათელი გახადა, რომ საქართველოში ღვინო ძირითადად მოიხმარება არაბოთლირებული სახით. ჩვენს მიერ შემუშავებული დიზაინის თვითოეული ელემენტი ემსახურება სპეციფიურ მიზანს: გამჭვირვალე ბოთლი - კარგად წარმოაჩენს პროდუქტის ვიზუალს და იწვევს ნდობას მომხმარებლში; ხრახნიანი საცობი - მომხმარებელს უადვილებს ნიბისმიერ ვითარებაში ღვინის ბოთლის გახნსას; ღვინის სახელწოდება, „სიკეთე“ - მიანიშნებს მომხარებელს, თუ რას მოემსახურება ღვინის შეძენისას გადახდილი თანხა; ეტიკეტის ფერები - მომხმარებელს განაწყობს პოზიტიურად და ანიჭებს მეტ სიამოვნებას, როგორც ღვინის შერჩევისას, ასევე მისი დაგემოვნების დროს. ღვინო - დამზადებულია ტრადიციული კახური ტექნოლოგიით და ემსახურება აღნიშნული ტექნოლოგიის პოპულარიზაციას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვენი პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ქართველ მომხმარებელში მოხდეს ბოთლირებული ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება.

- საიდან იწყება კომპანიის ისტორია? როგორც ცნობილია თქვენი წინაპრები ცნობილი მეღვინეები იყვნენ...

- კომპანია „სესიაშვილის“ ისტორია 1890 წლიდან იწყება, როდესაც კომპანიამ სავაჭრო სახლი „ძმები სესიაშვილები“ დააარსა და დაიწყო ღვინის, ღვინის ბრენდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტის წარმოება. კომპანიის მიერ წარმოებულმა ღვინის ბრენდმა 1909 წელს პარიზის გამოფენაზე მოიპოვა გრან-პრი. 1919 წელს ძმებმა სესიაშვილებმა გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ წარმოება, ამიტომ კომპანია გაიყო. თანამედროვე კომპანია „სესიაშვილი“ არის იმ განაყოფის შთამომავალი. მე კომპანის ერთ-ერთი დამაარსებლის, ვასილ სესიაშვილის შვილთაშვილი ვარ. ვასილი პროფესიით აგრონომი იყო. კომპანიის გაყოფის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა სოფელ გავაზში და დაიწყო ვენახების გაშენება მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე, კავკასიონის ქედის ძირში. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პაპაჩემმა, როსტომ სესიაშვილმა, დაიბრუნა თავისი წინაპრისთვის კომუნისტების მიერ ჩამორთმეული ვენახები და აქტიურად ჩაება სოფლის მეურნეობის სფეროში. მამაჩემის, არჩილ სესიაშვილის ინიციატივითა და ჩემი ოჯახის უშუალო თანამონაწილეობით დაფუძნდა საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი და მსხვილი ღვინის კომპანია,- „ქინძმარაულის მარანი“. პაპის ძმის, გივი სესიაშვილის მთავარი აგრონომობით გაშენდა 329 ჰა 7 ჯიშის ვენახი, ასევე ჩემი ოჯახის და ჩემი ჩართულობით აღნიშნულ კომპანიაში გაშენდა 400 ქართული ენდემური ჯიშის კოლექცია. აღნიშნულ საქმიანობას გამოვეთიშე მაშინ, როდესაც საკუთარი კომპანია „სესიაშვილი“ დავაფუძნე და გავაგრძელე წინაპრის დანატოვარი საქმიანობა. ამჟამად კომპანის დამფუძნებლებს გვაქვს 10 ჰა სხვადასხვა ჯიშის ვენახი. ჩვენი კომპანია ამზადებს ქვევრის ღვინოებს „ძმები სესიაშვილების“ საფირმო ტექნოლოგიით, ადგილწარმოშობის დასახელების სხვადასხვა ღვინოს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ღვინის ბრენდს.

ლექსო ნაბახტეველი