ონლაინ კაზინოების პოპულარობა სახიფათო მასშტაბებს იძენს

სათამაშო ბიზნესი საქართველოში ისევ სწრაფი ტემპებით იზრდება. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ ფართოვდება მისი შეღწევადობაც საზოგადოების სხვადასხვა ფენებში, სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალებში და ა. შ. თუ რამდენიმე წლის წინ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი იყო უშუალოდ სათამაშო დაწესებულებაში მისვლა, დღეს ინტერნეტთან მიერთებული კომპიუტერი საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ონლაინ აზარტული თამაშების სამყაროში აღმოჩნდეთ.

როგორც წესი, ნებისმიერი გარემოს ცვლილების და განვითარების შემთხვევაში, იცვლება ის საკანონმდებლო ჩარჩოც, რომლის საფუძველზე "დგინდება" წესრიგი ამ გარემოში.

აზარტული თამაშები კი კვლავ იმ რეალობას მორგებული კანონებით რეგულირდება, რომელიც იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც კომპიუტერი საქართვლეოში რამდენიმე ადამიანს თუ ჰქონდა.

დღეს კი ინტერნეტზე საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს მიუწვდება ხელი, რაც რადიკალურად განსხვავებული რეალობაა, რომელიც ონლაინ სერვისების მიმწოდებლებს, მათ შორის ონლაინ აზარტული თამაშების პროვაიდერებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. გამოწვევაა ეს სახელმწიფოსთვისაც, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ამა თუ იმ სფეროში თამაშის სამართლიანი და თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისი წესების დანერგვაზე.

სათამაშო ბიზნესი ყოველთვის აქტუალური თემაა, ერთიანი პოზიცია და დამოკიდებულება მის მიმართ არ არსებობს, ზოგისთვის დაქცევასთან და ადამიანის განადგურებასთან ასოცირდება, ზოგისთვის თავის რჩენის საშუალებასთან, იდეაში აზარტული თამაშები გართობის საშუალებაა, მაგრამ ალბათ ნაკლებად თუ შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც აზარტული თამაშით მხოლოდ და მხოლოდ ერთობა. აზარტული ბიზნესი რომ გართობის საშუალება არაა, ამას დიდი ლოგიკა და ანალიზი არ სჭირდება, რახან ეს ბიზნესი არსებობს და მითუმეტეს ვითარდება, ესე იგი იქ ადამიანები ძირითადად აგებენ, ვიდრე იგებენ, ანუ აზარტული ბიზნესის არსებობის წყარო არის ბევრი წაგებული და ცოტა მოგებული ადამიანი (გააჩნია კაზინოს მადას).

რაც უფრო იზრდება აზარტულ თამაშებში მონაწილეთა რიცხვი, სულ უფრო მეტი ადამიანი, სხვაგვარად საზოგადოების სულ უფრო დიდი ნაწილი გადადის წაგებულების რიგებში, თუმცა იზრდება მოგებულთა რაოდენობაც, მაგრამ საზოგადოება რჩება წაგებული, ვინაიდან, როგორც "შევთანხმდით" კაზინოებში უფრო მეტი აგებს, ვიდრე იგებს.

ერთადერთი გზა, რომლითაც "წაგებულმა" საზოგადოებამ თავისი დანაკარგი რაღაც დოზით მაინც უნდა დაიბრუნოს, არის ის გადასახადები, რომლებსაც კაზინოები ბიუჯეტში იხდიან და რომლებიც საზოგადოებას სხვადასხვა ფორმით უკან უბრუნდება (დაგებული გზა, პენსია და ა. შ.) მაგრამ ამ მხრივაც აზარტული თამაშების ბიზნესი დიდი სარგებლობის მომტანი არ არის, საგადასახადო შემოსავლებში კაზინოების მიერ გადახდილი გადასახადების წილი 1%-ზე ნაკლებია.

ამდენად, აზარტული თამაშები საზოგადოების ცხოვრებაში ლამის ყოველდღიურ ექსპანსიას ახორციელებს, რისი შედეგიც წაგებული ადამიანების რიცხვის ზრდა და ამით გამოწვეული ნეგატიური შედეგების მატებაა.

მაგრამ, მოთამაშეთა რაოდენობის მატება (მათ შორის არასრულწლოვნების) არ არის ერთადერთი ნეგატიური შედეგი, ონლაინ კაზინოების გაჩენა და ოპერირება სხვა დამატებითი რისკების მატარებელიცაა. საუბარია ფულის გათეთრებაზე და ელექტრონულ კაზინოებში არსებული ანგარიშების დანაშაულებრივი მიზნებით გამოყენებაზე.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხარვეზი არაერთხელ მოხვდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების არეალში. ამას მოწმობს ფულის გათეთრებასთან ბრძოლის ფინანსური მეთოდების შემუშავების ჯგუფის (FATF) და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციები, რომლებიც ინტერნეტ სათამაშო სივრცეში პირების რეგისტრაციის პროცესის დახვეწას ითვალისწინებს.

დღეს არსებული პრაქტიკით, ინტერნეტ კაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ხდება, რაც იძლევა საშუალებას, დარეგისტრირება მოხდეს ყალბი და ცრუ მონაცემებით, ან სხვა პირის მონაცემებით.

არ არსებობს წესები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო გარემოს შექმნას, სადაც კაზინოებს შეუძლიათ არასანდო მეთოდების გამოყენება, და სადაც მათი ვინაობის გადამოწმება პრაქტიკულად არ ხორციელდება. მაგალითად, ზოგი ინტერნეტ კაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელით და პირადი ნომრით. თუმცა არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. უფრო მეტიც, არანაირი კონტროლი არ არსებობს პრევენციისთვის, რომ ვინმემ ფიქტიური სახელი და პირადობის ნომერი გამოიყენოს. ასევე არანაირი გადამოწმება არ ხორციელდება, როდესაც კლიენტი თანხას რიცხავს კაზინოს საკუთარ ანგარიშზე. უფრო მეტიც, თუ კლიენტი გადაწყეტს, რომ მის საბანკო ანგარიშზე ან საკრედიტო ბარათზე გადარიცხოს თანხა, ვინაობის გადამოწმება არ ხდება.

FATF-ის და MONEYVAL-ის რეკომენდაციები სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას უკავშირდება, ვინაიდან მსგავსი პრაქტიკა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და სხვა უკანონო ქმედებების განხორციელების რისკის მატარებელია. დღეისათვის, ონლაინ კაზინოს ანგარიშები, ფაქტობრივად, ფულის მიმოქცევის უკონტროლო არხებია, ამიტომ საჭიროა რეგისტრაციის დროს მოხდეს პირის სრულფასოვანი შემოწმება და მისი პიროვნების დადასტურება (რეალური დოკუმენტებით), რის საფუძველზეც შეიქმნება დაცული მონაცემთა ბაზა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული სისტემა დანერგილია განვითარებულ ქვეყნებში და უფრო მეტიც, სახელმწიფო ახორციელებს აქტიურ კონტროლს, რომ ონლაინ კაზინოებში პირების რეგისტრაცია მოხდეს სტანდარტების დაცვით, რათა გამოირიცხოს ყალბი ან მისაკუთრებული მონაცემებით პირის დარეგისტრირება.

ამდენად, დღეისათვის საქართველოში ონლაინ კაზინოებში რეგისტრაცია ძალიან შორს არის საერთაშორისო სტანდარტებისგან, უფრო მეტიც, არც არსებობს აღნიშნული სტანდარტები და შესაბამისად კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ვერც მოხდება კაზინოების გაკონტროლება. ამის გამო ონლაინ კაზინოს ანგარიშების გამოყენების გზით მაღალია ფულის გათეთრების და კრიმინალის დაფინანსების რისკი. კაზინოების ანგარიშები ფულადი გადარიცხვების ალტერნატიულ სისტემად არის გადაქცეული და ამ სისტემაში მოძრავი ფინანსები ყოველგვარი კონტროლის მიღმაა დარჩენილი.

ლევან მარტაძე

გაზეთი „ბანკები და ფინანსები"