"ფერეროს" სპეციალისტები საქართველოში ტრენინგს გამართავენ

19 ივლისს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA) სათავო ოფისში „ფერეროს“ საერთაშორისო სპეციალისტების მიერ ჩატარდება ტრენინგი, რომლის ძირითადი საკითხები იქნება „მცენარეთა დაცვა“ და „მოსავლის აღების შემდგომი პროცესების მართვა“.

პროგრამაში მონაწილეობას იღებენ ასოციაციის ფერმერთა ჯგუფების ლიდერები, თხილის კოოპერატივების წევრები, საშრობი ცენტრების ოპერატორები და ლაბორატორიების ტექნიკოსები. ტრენინგის მიზანია მონაწილეებმა შეიტყონ უახლესი ინფორმაცია თხილის მოსავლის აღების, შრობის, დასაწყობებისა და ხარისხის მართვის შესახებ, აგრეთვე თხილისთვის პრობლემური მავნებელ-დაავადებების კონტროლის უახლესი ტექნოლოგიები. თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ფერეროს საერთაშორისო ექსპერტები ჩაატარებენ.

აღნიშნული ტრენინგი USAID/G-HIP-ის, შპს„აგრიჯორჯიას“ და GHGA-სინიციატივით ტარდება. ქართული თხილის ხარისხის პრობლემა კვლავ აქტუალურია. სწორედ ამიტომ საქართველოში თხილის ხარისხის ამაღლებისა და წარმოების გაუმჯობესების მიზნით ფერეროს საერთაშორისო სპეციალისტებმა შეიმუშავეს სპეციალური ტრენინგ კურსი, როგორც თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის და კოოპერატივებისთვის, ასევე საშრობი ცენტრების ოპერატორებისთვის, რათა მათ დანერგონ უახლესი ტექნოლოგიები და დაიცვან საყოველთაოდ მიღებული თხილის სტანდარტები. თეორიული სწავლება ჩატარდება GHGA-ს სათაო ოფისში, ხოლო პრაქტიკულ ტრენინგს მონაწილეები გაივლიან სოფელ ტყაიაში არსებულ საშრობ ცენტრში.