„მაწონი ქიზიყიდან“ თიხის ქოთანში - 28 წლის თეო გელაშვილის ბიზნესი

28 წლის თეო გელაშვილს წნორში, მეგობრებთან ერთად საქონლის ფერმა აქვს. მათ ამხანაგობა „ნატურალი“ და ბრენდი „მაწონი ქიზიყიდან“ შექმნეს. მაწონს ნატურალური რძით, თიხის ქოთნებში ადედებენ, რაც მათი თქმით, მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს. მაწონი სიღნაღის რაიონში არსებულ მაღაზიებში იყიდება, 330 გრამიანი ქილა 3 ლარი ღირს.

როგორც თეო გელაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს უთხრა, თიხის ქოთნებში მაწვნის წარმოების იდეის განხორციელებაში მათ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა. პროექტის ფარგლებში მიღებული 15 ათასი ლარით რძის გადამამუშავებელი საწარმოსთვის დანადგარები შეიძინეს. თეო გელაშვილის თქმით, თიხის ქოთანში შედედებულ მაწონს ძირითადად სიღნაღის რაიონში ჩასული ტურისტები ყიდულობენ.

„მე და ჩემმა მეგობრებმა - მაკა გელაშვილმა და ვაჟა ცაბუტაშვილმა ამხანაგობა „ნატურალი“ ჩამოვაყალიბეთ, წნორში საქონლის ფერმა გვაქვს. რძის გადამამუშავებელი საწარმოს აღჭურვა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებით შევძელით. გვინდოდა ისეთი პროდუქტი გამოგვეშვა, რასაც არავინ აკეთებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაწონს ნატურალური რძით, ყოველგვარი მინარევების გარეშე ვადედებთ. თიხის ქოთნებს ჩვენს მიერ შექმნილი დიზაინითა და წარწერით ადგილობრივ მეთუნეს ვამზადებინებთ. ქოთნები შიგნიდან მოსანთლულია. წარმოების დაწყებისთანავე მაწონმა როგორც ვიზუალით, ისე გემოვნებით დიდი მოწონება დაიმსახურა. განსაკუთრებით სიღნაღში ჩამოსულ ტურისტებს მოწონთ“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თეო გელაშვილმა.

მისივე თქმით, მომავალში წარმოების გაზრდას და „ქიზიყური მაწვნის“ სხვა რაიონებში გატანას გეგმავენ.

წყარო კახეთის საინტორმაციო ცენტრი