ქართველი ტურისტების ნაწილს თურქეთში დასვენების გეგმები არ შეუცვლია

თურქეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქართული ტუროპერატორები ორი დღე დაძაბულ რეჟიმში მუშაობდნენ. თუმცა, როგორც ტურისტულ სააგენტოებში დღეს განაცხადეს, სიტუაცია თანდათან დასტაბილურდა და ჯავშნების მიღება კვლავ განახლდა.

ALLNEWS-თან საუბრისას ტურისტულ სააგენტო "ფრი თრეველში" აღნიშნავენ, რომ პირველ ხანებში მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი აუქმებდა ჯავშანს. მათი ინფორმაციით, განსაკუთრებით ფრთხილობდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც მოგზაურობა ბავშვთან ერთად ჰქონდათ დაგეგმილი.

"რა თქმა უნდა, შექმნილმა ვითარებამ გამგზავრების გადაწყვეტილება ბევრს შეაცვლევინა. რამდენიმემ გადადო ფრენა, ნაწილმა კი სხვა მიმართულება აირჩია. თურქეთში განვითარებული მოვლენების გავლენა წლევანდელ ტურისტულ სეზონს ეტყობა, თუმცა იმ რეგიონებში, სადაც ჩვენი სააგენტოდან მიემგზავრებიან ტურისტები, საშიში სიტუაცია არც შექმნილა." - აღნიშნავენ "ფრი თრეველში."

როგორც ტურისტულ სააგენტოში აცხადებენ, თურქეთის სასტუმროებში შარშანდელთან შედარებით წელს დაბალი ფასებია. ბოლო დღეებში კი მომსახურების ღირებულებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის.

როგორც "ფრი თერეველში" აღნიშნავენ, კომპანიამ თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალური პირობები შესთავაზა.

ზოგადად, თუ ფრენა იმ დროს არის დაგეგმილი, როდესაც მასპინძელ ქვეყანაში სახიფათო სიტუაციაა, ჯავშნის გაუქმების მსურველს თანხას ვუბრუნებთ, ეს რამდენიმედღიანი პროცედურაა. მაგრამ როდესაც ქვეყანა გამოაცხადებს, რომ საფრთხე გადავლილია და ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება ფრენა, თანხის დაბრუნების საკითხი ინდივიდუალური ხდება. ყველა ტურს თავისი პირობა აქვს და ამის მიხედვით ვმოქმედებთ,"- აღნიშნავენ "ფრი თრეველში."

თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი ტურების, გასულ წელთან შედარებით დაბალ ღირებულებაზე საუბრობენ "ინტერკონტინენტალშიც". ტურისტულ სააგენტოში აცხადებენ, რომ წელს თურქეთის სასტუმროები მომხმარებლებს შარშანდელზე დაბალ ფასად მასპინძლობენ. "ინტერკონტინენტალში" ამბობენ, რომ გამგზავრების მსურველთა ნაწილი თურქეთის მოვლენებმა დააფრთხო. თუმცა, ნაწილს გეგმები არ შეუცვლია.

"სანექსპრესში" კი აცხადებენ, რომ მომხმარებელს თავიდან პანიკური განწყობა ჰქონდა და თურქეთის მიმართულებით დაგეგმილი ფრენის ჯავშანს ბევრი აუქმებდა. თუმცა, დღეს უკვე მომხმარებელს ადეკვატური რეაქცია აქვს და მოგზაურობის მსურველები ხვდებიან, რომ ამ მომენტისთვის საფრთხე აღარ არსებობს. მათი თქმით, შეკვეთების მიღება განახლდა და ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

როგორც ALLNEWS-თან საუბრისას თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასასვენებლად მყოფი ქართველი ტურისტი ნანა ხიდეშელი აღნიშნავს, იქ დაძაბულობა არ შეიმჩნევა.

"არაფერი დაძაბულობის მსგავსი არ იგრძნობა. ბევრი ტურისტია, ჩვენთან განსაკუთრებით გერმანელები ჭარბობენ. ყოველდღიურად ტურისტების ახალი ნაკადი მოდის".

დამსვენებლის ინფორმაციით, ანტალიაში რუსი ტურისტების რაოდენობაც საკმაოდ დიდია. მისი თქმით, რუსი ტურისტები პირდაპირი ჩარტერული რეისის არარსებობას უჩივიან და აღნიშნავენ, რომ თურქეთში მოხვედრა საქართველოს გავლით უწევთ.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 300-მდე ადამიანი დაიღუპა და 1440 დაშავდა. მათგან 15 ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თურქული მედიის ცნობით, ამბოხებაში ბრალდებული დაახლოებით 6000 ჯარისკაცი დაკავებულია.

წყარო ALLNEWS