საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანისა და სლოვენიის პალატის ხელმძღვანელ სამო ჰრიბარ მილიჩს პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

”დაიგეგმება ერთობლივი პროექტები და აქტივობები. დოკუმენტის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ოკუპირებულ ტეროტორიებს ეხება. პალატები მხოლოდ იმ კომპანიების ხელშეწყობის პირობას დებენ, რომლებიც ორი ქვეყნის იურისდიქციით არიან რეგისტრირებულნი. შეხვედრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის ბოლომდე საქართველოში სლოვენიური ბიზნეს-დელეგაცია ჩამოვა. სექტემბერში კი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ორ სლოვენიურ კომპანიას უმასპინძლებს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩადებით არიან დაინტერესებულნი. პალატა მათთვის შეხვედრების დაგეგმვას უზრუნველჰყოფს”, - განმარტავენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

მათივე ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიალს სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში 5 ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ერთად, ადგილზე საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი იმყოფებოდა.

ნინო ჩიქოვანი სლოვენიაში საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფება და გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს.