საქართველოში ფისტის ნერგების გაშენება დაიწყო

საქართველოში ფისტის ნერგების შემოტანა და რეალიზაცია დაიწყო.

როგორც იმპორტიორმა გიორგი მასურაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე მოთხოვნა საკმაოდ მცირეა, რისი მიზეზიც ამ კულტურის მიმართ მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობაა.

გიორგი მასურაშვილს მცირეფართობიანი პლანტაცია ქარელის რაიონ სოფელ ზემო ხვედურეთში აქვს გაშენებული. ფერმერს სათესლე მასალა ძირითადად ორი ქვეყნიდან, ირანიდან და საბერძნეთიდან შემოაქვს.

როგორც მასურაშვილი აღნიშნავს, ნერგების გაშენება გაზაფხულზე დაიწყო. მისივე თქმით, რეალიზაცია ჯერ მცირეა, თუმცა მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

,,საქართველოში ფისტის ხე არ არსებობს. ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ამ კულტურის გაშენება. ნერგები ჩვენგან სხვადასხვა სოფელში მიაქვთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით. შემსყიდველების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ვაგროვებ. ვინიშნავ, სად და რამდენ ძირს რგავენ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ ეტაპზე სადაც კი დარგეს, ყველგან გაიხარა”, - აღნიშნავს გიორგი მასურაშვილი.

როგორც მასურაშვილი ამბობს, ერთი კილოგრამი სათესლე მასალის შემოტანა დაახლოებით 180 ევრო ჯდება. ასგრამიან პაკეტებში დაფასოებული, იმპორტირებული ფისტის ნაყოფის საშუალო ფასი კი 18-25 ლარია.

,,კაკლოვნებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ნაყოფი აქვს ფისტას. ნერგი მოსავალს 8 წლის შემდეგ იძლევა, თუმცა აყვავებიდან სამასი წელი ხარობს. საკმაოდ მომგებიანია მისი მოყვანა და ამავდროულად, მისი ფასი საერთაშორისო ბაზარზე ნიგვზის, თხილისა თუ სხვა კაკლოვანების ღირებულებას, ბევრად აღემატება. ფისტა სხვა კაკლოვანებთან შედარებით მდგრადი საბაზრო ფასით გამოირჩევა”, - აღნიშნავს გიორგი მასურაშვილი.

ქრისტინე გამთენაძე