თაღლითური სქემები, რის გამოც საქართველოს მოსახლეობამ მილიონობით ზარალი მიიღო

1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში არაერთი ფინანსური თაღლითობა დატრიალდა, რომელმაც უამრავი ადამიანი სახლ-კარის გარეშე და ფინანსურად დაზარალებული დატოვა.

მთავრობამ, ფინანსურმა ორგანიზაციებმა და სამშენებლო კომპანიებმა მილიონობით მოქალაქე დააზარალეს. ჩვენი რესპონდენტები ყველაზე გამორჩეული და მსხვილი ფინანსური მაქინაციების შესახებ გვიამბობენ, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში მოხდა:

ზურაბ გვასალია - საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე: „1990-იან წლების დასაწყისში მთელ საბჭოთა სივრცეში უამრავი ორგანიზაცია იყო, რომელიც მოსახლეობიდან ფულის ამოღებას ცდილობდა. მსგავსი ორგანიზაციები საქართველოშიც მოქმედებდნენ, მათ შორის იყვნენ „ოქროს საწმისი“, „ოქროს თასი“, „აჩი“ და სხვები... რა თქმა უნდა, არცერთი არ იყო პატიოსანი საბანკო დაწესებულება, მათ საბანკო ლიცენზიაც არ ჰქონდათ. მოსახლეობაში ეს სახელები დღემდე ბანკებთან არის გაიგივებული, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პირამიდები იყო. ისინი მოსახლეობისაგან ფულს იღებდნენ და სხვებთან შედარებით მაღალ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობდნენ. გაუთვითცნობიერებელი მოსახლეობა ანგარიშს ვერ უწევდა, რომ ეს საკმაოდ სახიფათო თამაში იყო, ამიტომ, ძალიან ბევრი ადამიანი მოტყუვდა. ეს ორგანიზაციები ხალხს ფარატინა ფურცლებს ურიგებდნენ, ჰქონდათ ოფისი, ბუღალტერია და საბანკო ანგარიში, თანაც, შესატანი თანხის სიდიდეს მნიშვნელობა არ ჰქონდა: შეიძლებოდა 100 მანეთიც შეგეტანათ და მილიონიც - ყველანაირ თანხას იღებდნენ. ეს იყო ჩვეულებრივი პირამიდა, ამიტომ ახერხებდნენ ამხელა პროცენტების გადახდას. საბოლოოდ, ეს კომპანიები გაკოტრდნენ, მათი ხელმძღვანელები კი, საზღვარგარეთ გაიქცნენ. ზოგიერთი მათგანი დააკავეს და პასუხი მოსთხოვეს, მაგრამ მოსახლეობის ფული მაინც შერჩათ. თუ საქართველოში ახლაც არის მსგავსი კომპანიები, მათთან ურთიერთობისას ყველას დიდი სიფრთხილისაკენ მოვუწოდებ. პირველ რიგში, მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე გამოკიდება არ ღირს, რადგან ასეთი მაღალი პროცენტი ბუნებაში არ არსებობს. თვითონაც იციან, რომ ადრე თუ გვიან ეს ძაფი გაწყდება, მაგრამ სხვისი გაკოტრების ხარჯზე მდიდრდებიან. სხვათა შორის, 1990-იან წლებში ბევრს გადავაფიქრებინე აღნიშნული ფირმების ანგარიშზე თანხის შეტანა, სამწუხაროდ, ბევრმა არ დამიჯერა და წაგებული დარჩა“.

უჩა ზაქაშვილი

- სამშენებლო სამართლის ექსპერტი: „მაქინაციებზე საუბრისას სამშენებლო სექტორს გვერდს ვერ ავუვლით, რადგან სამშენებლო კომპანიებმაც უამრავი ადამიანი დააზარალეს. რამდენიმე კომპანიას გამოვყოფ არა მასშტაბის, არამედ თაღლითობის ხარისხის მიხედვით. პირველ ყოვლისა, უნდა დავასახელო ფირმა „იბერია სითი“, რომელმაც თავისი აფერა 5-6 წლის წინ დაატრიალა. ამ კომპანიის წარმომადგენლებმა უკვე აშენებული ბინები ორჯერ და სამჯერ გაყიდეს. საამისოდ მარტივი სქემა გამოიყენეს: ბინები დანომრეს, მაგრამ საჯარო რეესტრში ყველა ბინას სულ სხვა ნომერი მიანიჭეს. მყიდველები რომ მიდიოდნენ, კორპუსში თავიანთი ბინა საერთოდ არ ხვდებოდათ, ან სხვას ჰქონდა ნაყიდი. სასამართლო პროცესი წააგო ყველამ, ვისაც ფული ჰქონდა გადახდილი. სასამართლომ ზოგიერთი მესაკუთრე კიდეც გამოასახლა, მოკლედ, ამ ადამიანებმა ვერც ბინა მიიღეს და ვერც თავიანთი ფული. სამწუხაროდ, ფირმას აქტივებიც არ ჰქონდა, რომ ზარალი აენაზღაურებინა. „იბერია სითის“ ხელმძღვანელი დაიჭირეს, მაგრამ ამით დაზარალებულ ადამიანებს არაფერი ეშველათ.

„ახალი სტილი“ საკმაოდ ცნობილი სამშენებლო კომპანია იყო. „ცენტრ-პოინტის“ მსგავსად, მასაც ძალიან ლამაზი პროექტი ჰქონდა და თავის კლიენტებს ყველასგან გამორჩეულ ბინებს სთავაზობდა. ეს უნდა ყოფილიყო უმაღლესი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი სანიმუშო პარკინგით, სკვერებითა და შადრევნებით. სინამდვილეში რა მოხდა? - კომპანიამ მშენებლობა არ დაასრულა, მიწის ნაკვეთი დაანაწილეს და სხვადასხვა ინვესტორს მიჰყიდეს, თვითონ კი, გაიქცნენ. იმათ, ვისაც ბინა შეხვდა, თავისი ძალებით მოუწია მისი დასრულება, ხოლო ის მესაკუთრეები, რომელთაც ბინა საერთოდ არ ერგოთ, ჰაერში დარჩნენ. მშენებლობა ახლაც არ არის ბოლომდე მიყვანილი. ვინც ცინცაძის ქუჩაზე ყოფილა, ნახავდა, რომ ახლა იქაურობა ძალიან ულამაზოა. ბინებში, რომელიც „ახალ სტილს“ უნდა აეშენებინა, დღეს 900-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ფირმის ხელმძღვანელი გარდაიცვალა, დანარჩენებმა კი, კუთვნილი აქტივები სხვა კომპანიების სახელზე გადაიტანეს.

სამშენებლო კომპანიებს შორის, რომლებმაც მოქალაქეები დააზარალეს, აუცილებლად უნდა დავასახელოთ „ცენტრ-პოინტი“. ეს კომპანია თავის კლიენტებს განსაკუთრებული ხარისხის საცხოვრებელ ბინებს ჰპირდებოდა, მაგრამ მათ დაახლოებით 60%-ით დაბალი ფასის ქონება ჩააბარა. არაფერს ვამბობ იმათზე, ვინც ბინა საერთოდ ვერ მიიღო, მაგრამ რომელი კორპუსებიც დაამთავრეს, არც ერთი არ შეესაბამება დაპირებულ ხარისხობრივ მხარეს, რომელშიც ხალხმა ფული გადაიხადა. არაფერს ვამბობ ჰაერზე, რომელსაც ისინი ყიდდნენ - ეს პირდაპირი თაღლითობა იყო. ეს ის კომპანიებია, რომელთა სახელები ვიცით, მაგრამ გარდა ამისა, ძალიან ბევრი პატარ-პატარა ამხანაგობა იქმნებოდა და ამავე პრინციპით მუშაობდა, უბრალოდ, მათი სახელები ცნობილი არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ზომის სამშენებლო ფირმებმა და ამხანაგობებმაც ათასობით ადამიანი აზარალეს“.

მერაბ ჯანიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა და ფინანსისტთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი: „ყველაზე მსხვილ ფინანსურ აფერებს შორის, რომელიც საქართველოში მომხდარა, უნდა გამოვყოთ 1990-იანი წლების ჰიპერინფლაცია. ეს იყო ხელოვნური პროცესი, რომლის სათავეშიც მაშინდელი მთავრობა იდგა: ეროვნული ბანკიდან ძალიან დიდი რაოდენობით სესხებს გასცემდნენ კერძო კომპანიებსა და ბანკებზე. სესხის აღება მხოლოდ მთავრობასთან დაახლოებულ პირებს შეეძლოთ. ამ ადამიანებს გამოჰქონდათ დიდი რაოდენობით თანხა კუპონებით, ყიდულობდნენ დოლარს, მერე კი - ისევ კუპონს. ქვეყანაში ინფლაცია ძალიან მაღალი იყო და თუ სესხის აღებისას 1 დოლარი 100 კუპონი ღირდა, ორიოდე დღეში 1 დოლარის ღირებულება უკვე 1000 კუპონი ხდებოდა. შესაბამისად, შეიძენდით კუპონს და 90-96%-იანი მოგება გრჩებოდათ. შედეგი სავალალო იყო: ქვეყანაში მიმდინარე ჰიპერინფლაციის გამო მოსახლეობა გაღატაკდა და კრიზისში ჩავარდა, ერთეულებმა კი დიდი სარგებელი ნახეს. სხვათა შორის, ჩვენმა ორგანიზაციამ ეროვნულ ბანკს თხოვნით მიმართა - გვსურდა გადმოეცათ იმ ადამიანების სია, რომლებიც იმ წლებში სესხებს იღებდნენ, მაგრამ ეს სია დღემდე არ მიგვიღია. სასამართლოშიც ვიჩივლეთ ამავე მოთხოვნით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა სასამართლომაც არ დააკმაყოფილა. მე-20 საუკუნის აფერებს შორის უნდა დასახელდეს მოსახლეობის ანაბრების მითვისებაც. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ბანკები გაკოტრდნენ, ამ თანხის გამსტუმრებელი უკვე არავინ იყო. აღარ დარჩა უწყება, რომელიც მოსახლეობას თავის დანაზოგს დაუბრუნებდა, არადა, მილიონებზეა საუბარი. სხვათა შორის, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დაურიგეს ხალხს კომპენსაცია, ჩვენთან კი, მსგავსი რამ ჯერაც არ მომხდარა. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალში მაინც მოხდება.

ხათუნა ჩიგოგიძე