მძღოლებს გაზის ბალონების შეცვლას დაავალდებულებენ?!

გაზგასამართ სადგურებში ძალიან ხშირად ვადაგასულ ან დაზიანებულ აირბალონებსაც ტუმბავენ.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მძღოლები ჯერჯერობით ტექნიკური შემოწმების გავლას არ ჩქარობენ. შპს "აირბალონს", რომელიც ტექნიკური ინსპექტირების უფლებით აღჭურვილი კომპანიაა, უვარგისი ბალონების განადგურების ვალდებულებაც აკისრია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ასეთი ყოველი 100-დან შეიძლება 2 ან 3 გაზის ბალონი აღმოჩნდეს.

ეს არცთუ საგანგაშო ციფრია, თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით. როგორც "აირბალონის" ტექნიკური დირექტორი ნოდარ რამიშვილ განმარტავს, რეალურად საშიში ბალონების რაოდენობა გაცილებით მეტია, მაგრამ მათი მფლობელები შემოწმებას თავს არიდებენ და ბალონებს გაზგასამართ სადგურებში უპრობლემოდ ტუმბავენ. რამიშვილი ამ დაწესებულებების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება და უარი თქვან ვადაგასული ბალონების დატუმბვაზე.

წესით, ასეთი გაზის ბალონები განადგურებას ექვემდებარება, მაგრამ, როგორც ნოდარ რამიშვილი ამბობს, ძნელად ახერხებენ მძღოლების დარწმუნებას, რომ უვარგისი ბალონი განადგურდეს.

"ვადაგასული ან დაზიანებული ბალონით კომპანიაში ძალიან ცოტა მძღოლი მოდის. ჩვენ ვაფრთხილებთ და ვეუბნებით, რომ არ შეიძლება მოძრაობა და მისი ექსპლუატაცია. ვალდებულნი ვართ დავაზიანოთ ასეთი ბალონი, გავხვრიტოთ ან დავუზიანოთ ყელი (ბაზალტით ვაჭრით). არის შემთხვევა, როცა მძღოლი ამბობს, რომ ბალონის წყლის ჭურჭლად გამოყენებას აპირებს და დაზიანებაზე სასტიკ უარს აცხადებს. ძნელია ამ დროს წინააღმდეგობა გაუწიო, აზრი არ აქვს, თუმცა ვაფრთხილებთ ყველა შესაძლო საფრთხეზე.

გვქონია შემთხვევა, რომ გაგვინადგურებია ბალონი, რაც მძღოლისთვის საკმაოდ უსიამოვნო პროცესია. პრობლემა მხოლოდ ვადა არ არის. როგორც წესი, ბალონი ჰიდრავლიკური გამოცდის დროს მოწმდება 300 ატმოსფეროზე. შემოწმებისას თუ გაიბერა, ან სადმე ნაპრალი გაიკეთა და წყალი გამოვიდა, უნდა განადგურდეს. ასეთი ბალონი უკიდურესად საშიშია და უკვე არ შეიძლება მძღოლთან დათმო", -  აცხადებს ნოდარ რამიშვილი.

მისი თქმით, მძღოლის ვალდებულებაა, არ იმოძრაოს გაფუჭებული ბალონით, მაგრამ გაზგასამართ სადგურებსაც არანაკლები მოეთხოვებათ. მათ არ უნდა დატუმბონ ბალონი, თუ მის მდგომარეობაში ეჭვს შეიტანენ. ასეთ დროს იძულებითი განადგურებაც კი ხდება.

ყველაზე მეტი დაკვირვება მძღოლს მეორადი ბალონის შეძენისას მართებს, რადგან შეიძლება უვარგისი ბალონიც შემოასაღონ. ასეთი შემთხვევები არც ისე იშვიათია.

"მეორადი ბალონი, როცა ის ვადაგასულია, შეიძლება "გაშპაკლონ", გადაღებონ და ახალი შტამპი მიაკრან. დიდი ყურადღება სჭირდება, რომ ვინმეს ასეთი ბალონი არ შეასაღონ. ამიტომ, პირველ რიგში, ვიზუალურად ვამოწმებთ. წარწერას ვაკვირდებით, ქარხნული აშკარად გამორჩეული წარწერაა. მეორადი არ ნიშნავს, რომ ბალონი უვარგისია, ასე ნამდვილად არ არის. მთავარია, წარმატებით გაიაროს ტესტირება სიმტკიცეზე და ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდეს.

სამწუხაროდ, ბევრია შემთხვევა, როდესაც მძღოლები ნახანძრალ, ნაავარიევ ბალონებს იყენებენ. ვისაც ასეთი სისტემა უყენია, ჩვენამდე არ მოდის. ამიტომაა, რომ ჩვენ მიერ შემოწმებული 100 ბალონიდან უვარგისი შეიძლება 2 ან 3 აღმოჩნდეს. ცხადია, რეალურად გაცილებით სხვა ვითარებაა", - განმარტავს რამიშვილი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ აკრედიტაცია 2016 წლის 16 ივნისს მიიღო, ტექდათვალიერების ვალდებულების ფარგლებში შემოწმებული მანქანების რაოდენობა ჯერჯერობით 10-საც ვერ აღწევს.

კანონმდებლობით ნაკისრ ვალდებულებასთან ერთად, როგორც წესი, არსებობს მორალური კანონიც. ის ბევრ რამეს გვავალდებულებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ადამიანის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ეხება.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მძღოლები უსაფრთხოებას არად დაგიდევენ. ასეთი ავტომფლობელის ნახვა არ გაგვჭირვებია. 43 წლის ვეფხიამ ვადაგასული ბალონი საკუთარ მანქანაში 8 წლის წინათ დაამონტაჟა. ამბობს, რომ სისტემას ვადა გაუვიდა, მაგრამ გამოცვლას ჯერაც არ ჩქარობს.

"თვეში ორჯერ ბალონს თვითონ ვამოწმებ, მქონდა ხელოსანთანაც. ვატყობ, რომ ძველებურად აღარ მუშაობს, მაგრამ ვერც გადასაგდებად ვიმეტებ. შეცვლისთვის საჭირო თანხას ჯერჯერობით თავი ვერ მოვუყარე, თანაც არ მგონია რამე მოუვიდეს, ყურადღებით ვარ. ალბათ, წლის ბლომდე გამოვცვლი. ეს ის დროა, როცა ამ ბალონით გადაადგილება კანონით ამეკრძალება", - ამბობს თბილისელი მძღოლი.

ბევრად არ განსხვავდება 38 წლის ბესოს შემთხვევაც. ის ნაავარიევი გაზის ბალონით მოძრაობს.

"შარშან მანქანა დავამტვრიე. მსუბუქი ავარია იყო და გადავრჩი. გაზის ბალონმა მცირე დეფორმაცია განიცადა, ძლივს შესამჩნევია, მაგრამ გამოცვლა მაინც სჭირდება. ჯერჯერობით არ მიცდია, გაზგასამართ სადგურებში პრობლემა არ მაქვს, თუმცა, ხელოსანმა მისი შეცვლა მირჩია.

ფინანსურ პრობლემას ვერ დავაბრალებ, ყოველთვის შემეძლო საჭირო თანხის გამონახვა, მაგრამ ხან მოუცლელობამ შემიშალა ხელი, ხან კიდევ სხვა რამემ, წინ ტექდათვალიერებაა, ისედაც მომიწევს გამოცვლა. არ მგონია საგანგაშო იყოს, მოძრაობისას პრობლემა არ შემქმნია", - ამბობს მძღოლი.

აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის შემოწმება, წესით, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებზე დასკვნას, თუ რამდენად ხარისხიანად და სწორადაა დაყენებული სისტემა, ცენტრის მიერ აკრედიტირებული კომპანია გასცემს. აღნიშნულ დოკუმენტს კი საჭიროების შემთხვევაში საპატრულო პოლიცია ამოწმებს. შედეგად, დაჯარიმების უფლებაც შსს-ს აქვს.

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებისას აღმოჩენილ დარღვევებზე სანქციები გათვალისწინებული არ არის. დაისჯებიან მხოლოდ ის მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ. ასეთ შემთხვევაში კი მძღოლებს 100 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

ამ დროისთვის დაუზუსტებელია, რამდენი ავტომობილი მუშაობს ბუნებრივ აირზე ქვეყანაში. არაოფიციალური მონაცემებით, ასეთი ავტომობილების რიცხვი 250-300 ათასია.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"